„ახლა იმის ნაცვლად, ფოკუსირებული ვიყოთ, რომ ქვეყანამ არ გაუშვას უნიკალური შანსი და მივიღოთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, ჩვენ ვხედავთ ამის საწინააღმდეგო მოქმედებებს. კერძოდ, „ქართული ოცნების“ ერთი ლიდერი ამბობს, რომ მერე, რა თუ არ მოგვცემენ კანდიდატის სტატუსსო და აქ ჩანს, რომ პრიორიტეტად არ განიხილება ქვეყნის მიერ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება, მეორე – ვხედავთ ღარიბაშვილის ევროსკეპტიკოსებთან დაახლოებას, მათთან ერთად კონფერენციებში მონაწილეობის მიღებას და ცხადია, რომ ეს ყველაფერი არ ემსახურება ქვეყნის ინტერესებს. „ქართული ოცნების“ მხრიდან ვხედავთ ისეთ მოქმედებებს და განცხადებებს, რომელიც კი არ ემსახურება ისტორიული მიზნების მიღწევას, არამედ ემსახურება მცდელობას – მოამზადოს ნიადაგი, ვინიცობაა არ მოგვცენ კანდიდატის სტატუსი, ეს დააბრალონ სხვას.
ამზადებენ არსენალს საზოგადოებაში დაძაბულობის შემოსატანად, დამატებითი განხეთქილების შემოსატანად და სინამდვილეში ცხადია, რომ მათ ესმით, რომ რამდენადაც არ აპირებენ რეკომენდაციების განხორციელებას ქვეყანას უმცირებენ შანსს, რომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი და ამიტომ ამზადებენ სამოქმედო გეგმა „ბ“-ს, რომელიც სწორედ იმისკენ იქნება მიმართული, რომ შემოიტანონ ისეთი თემები, რაც ააღელვებს საზოგადოებას, გააღრმავებს დაპირისპირებას და ამ ტალღაზე იქნებ შეინარჩუნონ ძალაუფლება 2024 წელს. არ აპირებენ უმნიშვნელოვანესი რეკომენდაციების განხორციელებას. ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ „ქართული ოცნების“ მთელი პოლიტიკა მიმართულია იმისკენ, რომ როგორმე შეინარჩუნონ ძალაუფლება შემდგომი არჩევნებისთვის და ამას გადააყოლონ ქვეყნის ეროვნული ინტერესები“,
ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა.