ევროპული საქართველოს წევრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, პირველი მაისიდან თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში სახელმწიფო დაფინანსების მიღება უწყდებათ იმ ამბულატორიებსა და პოლიკლინიკებს, რომელთა რეგისტრირებული კონტიგენტი 13 000-ზე ნაკლებია.
მისი თქმით, ამ გადაწყვეტილების გამო, ბევრი ამბულატორია და პოლიკნინიკა ფინანსური პრობლემის წინაშე დადგება, რაც ექიმებს და ექთნებს უმუშევრად დატოვებს.
ჭიაბერაშვილი აცხადებს, რომ ეს გადაწყვეტილება თავისი არსით ცნობილი 520-ე დადგენილების ლოგიკური გაგრძელებაა.
“ეს გადაწყვეტილება თავისი არსით ცნობილი 520-ე დადგენილების ლოგიკური გაგრძელებაა. 520-ე დადგენილებამ დარტყმა ჰოსპიტალურ სექტორს მიაყენა, მთავრობის მიერ 2020 წლის 9 იანვარს მიღებული მე-15 დადგენილება კი დარტყმას პირველად ჯანდაცვას აყენებს.
ახალი კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის პირობებში ყოველი ექიმისა და ექთნის შრომა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და სრულიად გაუმართლებელია ასეთი გადაწყვეტილებების არშეჩერება მაშინ, როდესაც მთავრობა, პირიქით, დაფინანსებას უნდა უზრდიდეს სამედიცინო სექტორის ყველა რგოლს. COVID-19-თან ბრძოლაში ოჯახის ექიმების როლი განსაკუთრებულია და თუ მათ ნაწილს ხელფასი შეუმცირდება ან ნაწილი სამსახურს დაკარგავს, ეს არა მხოლოდ მათი ოჯახების სოციალურ მდგომარეობაზე აისახება, არამედ მათი პაციენტების მდგომარეობაზეც”,- ამბობს ჭიაბერაშილი.
ის მთავრობას მოუწოდებს, შეაჩეროს მე-15 დადგენილების მოქმედება და ამავე დროს, მკაფიო გეგმა წარმოადგინოს, როგორ ანაზღაურდება ექიმებისა და ექთნების შრომა ამ უპრეცედენტო კრიზისის პირობებში. მისი აზრით, ეპიდემიასთან ბრძოლაში ჩართულმა სამედიცინო პერსონალმა დანამატები უნდა მიიღოს, ხოლო პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს დაინფიცირებულ ექიმებზე კომპენსაცია გაიცეს.
,,ევროპული საქართველოს” წევრი მთავრობის აღნიშნულ დადგენილებას აქვეყნებს: