კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებიდან საკუთარი კანდიდატურა მოხსნა მოქმედმა პრეზიდენტმა, პაატა გურასპაულმა, რაც იმას ნიშნავს, რომ პრეზიდენტობის არჩევნებში კონკურენტი არ ეყოლება “ქართული ოცნების” დეპუტატს, ვიქტორ სანიკიძეს.
გურასპაულის მტკიცებით, მან და სანიკიძემ ისაუბრეს და აღმოჩნდა, რომ “უმრავლეს შემთხვევაში განვითარების საერთო ხედვები აქვთ”.
“მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნებზე ჩვენ წარვდგებით, როგორც ერთი გუნდი, გუნდი, რომელსაც კალათბურთის განვითარება, სიმშვიდე, სიწყნარე უნდა. კანდიდატი იქნება ვიქტორ სანიკიძე. კალათბურთის ეროვნული ფედერაციის სრული შემადგენლობა კალათბურთის სამსახურში. ჩემთვის კი რომელიმე თანამდებობა და სავარძელი არასდროს ყოფილა პანაცეა და თვითმიზანი. მე ვრჩები ჩემს გუნდთან, ამ ადამიანთან ერთად და ყველაფერს გავაკეთებ, რომ ქვეყანამ იამაყოს კალათბურთით”,– თქვა პაატა გურასპაულმა ბრიფინგზე.
სანიკიძე გურასპაულს მადლობას უხდის და პირობას დებს, რომ კალათბურთში დაპირისპირება არ მოხდება.