პავილიონისი: მელიას ვესაუბრე, შევთანხმდით მზიან საქართველოში შეხვედრაზე

ლიეტუვას სეიმის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, ჟიგიმანტას პავილიონისი აცხადებს, რომ ნიკა მელიას ტელეფონზე ესაუბრა.

მისი თქმით, შეთანხმდნენ, რომ საქართველოში შეხვდებიან.

“ტელეფონით ვესაუბრე ციხიდან გათავისუფლებულ საქართველოს ოპოზიციის ლიდერ ნიკა მელიას. მან ლიეტუვას გულწრფელი მადლობა გადაუხადა არამხოლოდ მისი მხარდაჭერისთვის, არამედ ევროკავშირისა და აშშ-ს უმაღლესი დონის ჩართულობის მობილიზებისთვის ხელისუფლებისა და ოპოზიციის მოლაპარაკებებში, დასავლეთის დედაქალაქების ყურადღების მიპყრობისთვის თბილისში არსებულ ვითარებაზე. ჩვენ შევთანხმდით, რომ ზაფხულში მზიან საქართველოში შევხვდეთ, როგორც ძველი, კარგი მეგობრები, რომლებსაც უყვართ თავისუფლება და სჯერათ საქართველოს ევროკავშირისა და ნატოს წევრობის”,– წერს პავილიონისი.

ცნობისთვის, ნიკა მელიას გირაო თანხა, 40 ათასი ლარი ევროკავშირმა გადაიხადა, რის შემდეგაც ენმ-ს თავმჯდომარემ საპატიმრო დატოვა.