კორონავირუსის პანდემიის დასრულების შემდეგ მსოფლიოში 60 მილიონი ადამიანი შესაძლოა უკიდურეს სიღატაკეში აღმოჩნდეს. ასეთ პროგნოზს მსოფლიო ბანკის ეკონომისტები აკეთებენ.
ოთხშაბათს მსოფლიო ბანკის პრეზიდენტმა, დევიდ მალპასმა განაცხადა, რომ კორონავირუსის პანდემიის შედეგები მსოფლიო ეკონომიკისთვის სავარაუდოდ კატასტროფული იქნება.
“ჩვენი შეფასებით 60 მილიონამდე ადამიანი შესაძლოა უკიდურეს სიღატაკეში აღმოჩნდეთ. ეს წყალში ჩაყრის მთელ შრომას, რომელიც ბოლო სამი წლის განმავლობაში სიღატაკესთან საბრძოლველად იქნა გაწეული“.– ამბობს ის.
მსოფლიო ბანკის ტერმინოლოგიით “უკიდურესი სიღატაკე“ დღეში 1.9 დოლარზე ნაკლებ შემოსავალს ნიშნავს.
მსოფლიო ბანკმა 160 მილიარდი დოლარი მისცა გრანტებისა და კრედიტების სახით შემცირებული განაკვეთებით იმ ქვეყნებს, რომელთა ეკონომიკა პანდემიისგან სერიოზულად დაზარალდა. მალპასის განცხადებით დახმარებისთვის მათ ასზე მეტმა ქვეყანამ მიმართა, რომლებშიც მსოფლიო მოსახლეობის 70% ცხოვრობს. თუმცა მალპასი თვლის, რომ ეს საკმარისი არ იქნება. ის კომერციულ ბანკებს აკრიტიკებს იმის გამო, რომ ისინი არ ჩქარობენ ღარიბი ქვეყნებისთვის პანდემიის ფონზე ვალების ჩამოწერას.
პანდემიის გამო წელს მკვეთრად შემცირდა მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკების ზრდა. ჯერ კიდევ მარტში პირველად 50 წლის განმავლობაში ეკონომიკური აქტივობა შემცირდა ჩინეთში, ევროკავშირი წლის შედეგების მიხედვით არსებობის მანძილზე მშპ–ს ყველაზე დიდ შემცირებას ელოდება. ამერიკული ეკონომიკა კი ზრდის ფაზიდან გამოვიდა, რომელიც ბოლო ათი წელი გრძელდებოდა.
კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობამ მსოფლიოში 5 მილიონს გადააჭარბა, გარდაცვლილია 324 ადამიანი.