ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის, ტედროს ადანომ ღებრეიესუსის განცხადებით, კორონავირუსის პანდემიის მეორე წელი შესაძლოა მეტად მომაკვდინებელი აღმოჩნდეს, ვიდრე პირველი წელი.
“COVID19-მა უკვე 3.3 მილიონზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და ახლა, როდესაც პანდემიის მეორე წელში ვიმყოფებით, შესაძლოა იგი გაცილებით მომაკვდინებელი იყოს, ვიდრე პირველი წელი”, – განაცხადა ღებრეიესუსმა.
მისი თქმით, განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს არამხოლოდ ინდოეთში, არამედ ნეპალში, ეგვიპტეში, ტაილანდსა და ვიეტნამში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება.
ღებრეიესუსი შენიშნავს, რომ ამ სიტუაციიდან გამოსავალი შეიძლება იყოს შემაკავებელის ზომებისა და ვაქცინაციის კამპანიის კომბინაცია.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა დასძინა, რომ ქვეყნებმა უნდა გააერთიანონ ძალები პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლასა და ვაქცინაციის პროგრამის წარმატებით განხორციელებაში.