საფრანგეთის სახელმწიფო სამსახურის სამინისტრომ პარიზის მერია 90 ათასი ევროთი დააჯარიმა 2013 წელს მიღებული გენდერული თანასწორობის შესახებ კანონის დარღვევის გამო.
2018 წელს საფრანგეთის დედაქალაქის ადმინისტრაციაში ხელმძღვანელი თანამდებობები 11–მა ქალმა და 5–მა კაცმა მიიღო. ამგვარად, ქალების წილმა 69% შეადგინა. კანონის მიხედვით კი, ერთი სქესის ადამიანების დანიშვნამ 60%–ს არ უნდა გადააჭარბოს.
პარიზის სოციალისტი მერი, ენ იდალგო ჯარიმას აბსურდულს, უსამართლოს, უპასუხისმგებლოს და საშიშს უწოდებს და აცხადებს, რომ ბედნიერია ასეთი ჯარიმის მიღებით.
“მერიის ხელმძღვანელობა უცებ მეტისმეტად ფემინისტური აღმოჩნდა“ –სარკასტულად განაცხადა მან თანამშრომლებთან თათბირისას.
პარიზის მერი თვლის, რომ საფრანგეთში მმართველ თანამდებობებზე ჯერ კიდევ მეტისმეტად ცოტა ქალია, ამიტომაც ისინი უფრო მეტად უნდა დაწინაურდნენ, ვიდრე მამაკაცები.
სახელმწიფო სამსახურის მინისტრმა, ამელი დე მონშალენმა ტვიტერის საშუალებით ენ იდალგოს შეხვედრა და იმის განხილვა შესთავაზა, როგორ უნდა დააწინაურონ ქალები სახელმწიფო სამსახურში.
ასევე შეახსენა, რომ გასულ წელს კანონში გენდერული თანასწორობის შესახებ შესწორება შევიდა და ის ახლა არა ახალ დანიშვნებს, არამედ სახელმწიფო უწყებებში თანამშრომლებს შორის ზოგად სქესთა ბალანსს არეგულირებს.