პარლამენტმა ჯაფარიძეს, ნათელაშვილსა და ხოშტარიას უფლებამოსილება შეუწყვიტა

საქართველოს პარლამენტმა ბადრი ჯაფარიძისთვის, შალვა ნათელაშვილისთვისა და ელენე ხოშტარიასთვის უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი დაუჭირა.

ბადრი ჯაფარიძისთვის მანდატის გაუქმებას 77-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 38 კი წინააღმდეგი იყო. შალვა ნათელაშვილის უფლებამოსილების შეწყვეტას 79 დეპუტატი დაეთანხმა, ხოლო ელენე ხოშტარიასთვის – 77.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის განმარტებით, ნათელაშვილისა და ხოშტარიასთვის მანდატის შეწყვეტის საფუძველს კონსტიტუციისა და რეგლამენტის ის ჩანაწერი წარმოადგენს, რომლის მიხედვით, თუ პარლამენტის წევრი მორიგი სესიის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით მორიგი სხდომების ნახევარზე მეტს არ დაესწრო, უფლებამოსილება ვადამდე უნდა შეუწყდეს.

რაც შეეხება ბადრი ჯაფარიძეს, კომიტეტის ცნობით, შესაბამისი დასკვნის საფუძველია საქართველოს კონსტიტუციისა და რეგლამენტის ნორმა, რომლის მიხედვით, თუ პარლამენტის წევრი კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ, უფლებამოსილება უნდა შეუწყდეს.