გირჩის ლიდერი იაგო ხვიჩია ამბობს, რომ მისი პარტია პარლამენტში მხოლოდ 14 დეპუტატთან ერთად შევა. ის ამით ქართული ოცნების დეპუტატის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც თქვა, რომ მმართველი გუნდსა და გირჩს შორის მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობს და მათ “ისღა დარჩენიათ, პარლამენტში შევიდნენ”.
ხვიჩიას განმარტებით, ის, რომ პარლამენტში საარჩევნო ბარიერის დაწევასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილება დაინიცირდა, არ ნიშნავს, რომ გირჩი პარლამენტში შევა.
“მე ვერ გეტყვით, რომ ამ ცვლილებების ინიცირების გამო გირჩი პარლამენტში შევა და სხვას მოუწოდებს – აბა, ხალხო, მოდით, 17 კაცი მოვგროვდეთო. პარლამენტში შესვლას რომ ვაპირებდეთ, უკვე იქ ვიქნებოდით. სულ ვნებათაღელვაა შევდივართ თუ არა პარლამენტში და არასდროს გამართლდა ეს, არასდროს გვითქვამს, რომ პარლამენტში შევდიოდით. ჩვენ გვინდოდა პროპორციული არჩევნები ბუნებრივი ან მასთან მიახლოებული ბარიერით, ამის გამო შევუერთდით ოპოზიციურ ბოიკოტს, ამაზე აზრი არ შეგვიცვლია. 14 დეპუტატთან ერთად შევალთ პარლამენტში, შეიძლება, ამ საკითხს ასეც შევხედოთ”, – აცხადებს ხვიჩია “ფორმულასთან” საუბრისას.
პარტია მოქალაქეების ერთ-ერთი ლიდერი, ლევან იოსელიანი იმედოვნებს, რომ პარლამენტში 17 ოპოზიციონერი დეპუტატი შევა, რათა საკონსტიტუციო ცვლილებები მიიღონ.
დარეგისტრირებული კანონპროექტის თანახმად, არჩევნებში ბარიერი 5%-დან 3%-მდე იწევს, ხოლო საპარლამენტო ფრაქციის შექმნა 4 ადამიანს შეეძლება.
საკონსტიტუციო ცვლილებებს პარლამენტის 113 წევრის ხმა სჭირდება, ამჟამად კი საკანონმდებლო ორგანოში 96 დეპუტატია, შესაბამისად, ცვლილებების განსახორციელებლად დამატებით 17 ოპოზიციონერის შესვლაა საჭირო.