სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ბრძანებით, დმანისისა და აგარაკ-ტაშირის, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქიის მღვდელმთავარი, მთავარეპისკოპოსი ზენონი (იარაჯული) საქართველოს ეკლესიის დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქიის ხელმძღვანელობიდან გათავისუფლდა. ამის შესახებ განცხადებას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.
განცხადების თანახმად, გადაწყვეტილების მიზეზი დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის სამრევლოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები გახდა.
„საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გაგაცნობთ ინფორმაციას დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის სამრევლოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ბრძანებით, 2022 წლის 15 ნოემბერს დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის სამრევლოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, საპატრიარქოში შედგა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდალური კომისიის სხდომა.
კომისიამ იმსჯელა ზემოხსენებული საკითხის შესახებ. კერძოდ, ითქვა, რომ აღნიშნული ეპარქიის მთავარეპისკოპოს ზენონს (იარაჯული) მიმდინარე წლის 26 სექტემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ გაეგზავნა წერილი თხოვნით, ახლო მომავალში ჩამოსულიყო საქართველოში, რათა მისი მხრიდანაც მომხდარიყო ინფორმაციის მოწოდება შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით.
მეუფე ზენონმა, დაგეგმილი საქმიანი შეხვედრების საბაბით, 10 ნოემბრამდე გადადო გამომგზავრება, თუმცა დათქმულ დროსაც არ ჩამოვიდა მიზეზის აუხსნელად და კვლავ გადადო ჩამოსვლა გაურკვეველი ვადით.
კომისიამ არასაპატიოდ მიიჩნია მთავარეპისკოპოს ზენონის ეს ქმედება და, ეპარქიაში შექმნილი მძიმე მდგომარეობის გათვალისწინებით, მის დაუსწრებლად შეუდგა საქართველოს ეკლესიის დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის სამრევლოში განვითარებული მოვლენების შესწავლას.
წმინდა სინოდის წევრები დეტალურად გაეცვნენ არსებულ ვითარებას და მიიჩნიეს, რომ მთავარეპისკოპოსი ზენონი უნდა გათავისუფლდეს საქართველოს ეკლესიის დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქიიდან.
აღნიშნულის შესახებ კომისიის დასკვნა გადაეცა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, როგორც საქართველოს ეკლესიის სინოდიდან სინოდამდე პერიოდში უმაღლეს საეკლესიო მმართველს.
უწმინდესისა და უნეტარესის 2022 წლის 16 ნოემბრის ბრძანების საფუძველზე, დმანისისა და აგარაკ-ტაშირის, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქიის მღვდელმთავარი, მთავარეპისკოპოსი ზენონი (იარაჯული) 2022 წლის 16 ნოემბრიდან გათავისუფლებულ იქნა საქართველოს ეკლესიის დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქიის ხელმძღვანელობიდან და შეუნარჩუნდა დმანისისა და აგარაკ-ტაშირის ეპარქიის მმართველობა. საკითხი საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად კი განიხილება წმინდა სინოდის სხდომაზე”, – ნათქვამია განცხადებაში.