პარტია “პატრიოტა ალიანსმა” საარჩევნო ბანერზე აჭარის რეგიონი ოკპირებული ტერიტორიების მსგავსად მონიშნა და საქართველოს დარჩენილი ტერიტორიიდან გამოყო. შესაბამისი ფოტო დღეს, 29 აგვისტოს სოციალურ ქსელში გავრცელდა.
არასამთავრობო ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნების იურისტი, ნინო რიჟამაძე პირად ფეიქსბუქგვერდზე წერს, რომ არჩევნების გამოცხადებისთანავე ექნებათ რეაგირება აღნიშნულ ფაქტზე და საარჩევნო ადმინისტრაციას მიმართავენ ბილბორდის უკანონობასთან დაკავშირებით.
“პატრიოტთა ალიანსის მიერ აჭარაში ანტითურქული რიტორიკა ახალი არ არის, მაგრამ ეს ბილბორდი იმ კონკრეტულ ადგილას შუღლის გაღვივების ნიშნებს შეიცავს და პროვოკაციას გავს. პარტიის მიერ წინასაარჩევნო მოწოდებებისას შუღლს გაღვივება აკრძალულია”, – წერს ნინო რიჟმაძე.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარობის კანდიდატმა, ხატია დეკანოიძემ დაწერა, რომ პარტია, როგორც საარჩევნო სუბიექტი უნდა გაუქმდეს და არჩევნებიდან მოიხსნას.
“გაუქმდეს პატრიოტთა ალიანსი, როგორც საარჩევნო სუბიექტი და მოიხსნას არჩევნებიდან. პარტიის რეკლამა (არ დავაშეარებ შეგნებულად), სადაც პირდაპირ რუსული პროპაგანდაა – დაუყოვნებლივ ჩამოიხსნას”, – წერს ხატია დეკანოიძე.
ოპოზიცია “პატრიოტთა ალიანსის” საარჩევნო სიიდან მოხსნასა და მათი წევრების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს. პოლიტიკოსების შეფასებით, დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებენ, რომ “ქართულ ოცნებასთან” დაკავშირებული პარტია კრემლიდან ფინანსდება, მთავარმა პროკურატურამ აუდიტთან ერთად უნდა შეისწავლოს.