ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის თქმით, პერმანენტულ აქციებს კორონავირუსის პერმანენტული ზრდა მოყვება.
“ყველაზე აქტუალური და მტკივნეული ეს არის ხალხმრავალი შეკრებები. ამას ისედაც არ უჩიოდა საქართველო თავისი ტრადიციებით, ეს იყო ქორწილი, ქელეხი, დაბადების დღეები, ამას დაემატა მასშტაბური აქციები პოლიტიკური მოტივებით. ეს რომ ყოფილიყო ერთჯერადი და დამთავრებულიყო არჩევნებთან ერთად, კიდევ გაჩნდებოდა იმედი, რომ დავძლევთ პანდემიის ამ ზრდად ტენდენციას, მაგრამ თქვენ ხედავთ, ანონსდება პერმანენტული აქციები და ჯერჯერობით სრულდება. უნდა ვიცოდეთ ეს – პერმანენტულ აქციებს მოყვება პერმანენტული ზრდა შემთხვევების”,– ამბობს ცერცვაძე ტვ იმედის ეთერში.
მისივე განცხადებით, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ რაც არ უნდა მაღალი იყოს მკურნალობის დონე, შემთხვევების უკონტროლო ზრდას სიკვდილიანობა მოყვება.
ცერცვაძემ აღნიშნა, რომ “ხელისუფლებამ გააკეთა ყველაფერი, რისი გაკეთებაც შეეძლო”.
“დამიჯერეთ, არცერთ სხვა ქვეყანაში არცერთ მთავრობას ამაზე მეტი არ გაუკეთებია, უბრალოდ იქ მოსახლეობა აღმოჩნდა უფრო მაღალი პასუხისმგებლობის მქონე და უფრო კანონმორჩილი, ვიდრე ჩვენთან. კიდევ რა უნდა ექნა, მე არ ვიცი, ერთი რჩება მხოლოდ – სავალდებულო ვაქცინაციის და მწვანე პასპორტების შემოტანა”,– ამბობს თენგიზ ცერცვაძე.