„პირველი ფაქტორი არის ვაქცინაციით ძალიან დაბალი მოცვა. სრულიად ვაქცინირებულია მთლიანი მოსახლეობის მხოლოდ მეოთხედი, დაახლოებით 25%, რაც არის 1 მილიონი ადამიანი. მაშინ, როდესაც ევროპისა და ამერიკის ქვეყნებში მოსახლეობის ორ მესამედზე მეტი სრულად ვაქცინირებულია და ეს არის მთავარი ფაქტორი.

მეორე ფაქტორი გახლავთ ის, რომ პირბადის გამოყენების პროცენტი ისევ დაბალი რჩება – 40-45%. ამ დროს ევროპისა და ამერიკის სრულად ვაქცინირებულ ქვეყნებშიც კი ნიღბის ტარება 90%-ს აღწევს.

მესამე არის ის, რაც დღეს ყველაზე მეტად გვტკივა, ეს არის პერმანენტული პოლიტიკურად მოტივირებული აქციები. ჩვენ ისედაც ვწუხდით, რომ საქართველოში ტრადიციულად ძალიან ძნელი იყო ხალხმრავალი შეკრებებისგან თავის არიდება – ვგულისხმობ ქორწილებს, ქელეხებს და სხვა. ამას ახლა პოლიტიკურად მოტივირებული პერმანენტული აქციები დაემატა. გასაგებია, იყო არჩევნები, არის საზოგადოების პოლარიზაცია და პოლიტიკური პროცესები მიმდინარეობს, რომელსაც ვერ შევაჩერებთ, მაგრამ ყველაფერს აქვს საზღვარი. ერთი, ორი, ხუთი, ათი აქცია, მაგრამ ყოვლად დაუშვებელია, რომ ამ აქციებს ჰქონდეს პერმანენტული ხასიათი.

შთაბეჭდილება რჩება, რომ ჩვენი მოსახლეობა მიდის შეგნებულად თუ შეუგნებლად იმაზე, რომ საქართველოში ასევე პერმანენტული იყოს კორონავირუსის ახალი შემთხვევების რიცხვი და გარდაცვალების ძალიან მაღალი რიცხვი”

ამბობს ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე IPN-ის ცნობით.