„პითონის სახელით ცნობილი ოლიგარქი“ – ბიძინა ივანიშვილზე ვრცელ სტატიას Dailymail-იც აქვეყნებს

„როგორ განსაზღვრავს ოლიგარქი, რომელიც პითონის სახელით არის ცნობილი და ბონდიანას ბოროტმოქმედების ბუნაგში ცხოვრობს, სასიცოცხლო მნიშვნელობის დასავლელი მოკავშირის მომავალს“ – ამ სათაურით  ბრიტანული გამოცემა Daily Mail-ი ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს.

„საქართველოს მომავალი ერთ კითხვაზეა დამოკიდებული: ოლიგარქს უფრო მეტად ეშინია დასავლეთის სანქციების შედეგად დაკარგოს თავისი მილიარდები თუ სიცოცხლე, პუტინის გამო, რომელიც ცნობილია ოპონენტების მოშორებით“ — წერს Daily Mail-ი.

გამოცემა წერს, რომ 26 ოქტომბერს გადაწყდება გააგრძელებს თუ არა ქვეყანა სვლას დასავლეთისკენ, თუ ის „კრემლის სისხლიანი დიქტატორის ხელებში“ დაბრუნდება. Dailymail-ის სტატიაში ხაზგასმულია, რომ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ საკუთარი ქონება მოსკოვში დააგროვა, ახლა კი ცდილობს ვლადიმერ პუტინის რეპრესიულ რეჟიმს მიბაძოს.

”ამ საარჩევნო ბრძოლის ცენტრში დგას ბიძინა ივანიშვილის ჩრდილოვანი ფიგურა, რომელიც ხელისუფლებაში 12 წლის წინ მოვიდა და თავი დემოკრატიის მხსნელად წარმოაჩინა მას შემდეგ, რაც წინა ხელისუფლებამ ძალაუფლების ბოროტად გამოყენება დაიწყო. მისი ზედმეტსახელი პითონია, რადგან მას სტრატეგიული სიმშვიდე უყვარს – ნელა დაახრჩოს საკუთარი ოპონენტები. ახლა კითხვა იმაშია, იყენებს თუ არა ოლიგარქი ამ მიდგომას საკუთარი ქვეყნის მიმართ, რადგან არსებობს ეჭვი, რომ „ქართული ოცნება“ პუტინს უქნევს თავს და დემოკრატიას დევნის ქვეყნიდან. ბევრი შიშობს, რომ ივანიშვილი შეეცდება არჩევნების მოპარვას და საკუთარ თავს გამარჯვებულად გამოაცხადებს, შემდეგ პროტესტების ძალისმიერ ჩახშობას შეეცდება, არგუმენტად კი იტყვის, რომ გადატრიალების არიდებას ცდილობდა. გასულ თვეში ივანიშვილმა მოქალაქეებში სიბრაზე გამოიწვია, როცა თქვა, რომ საქართველომ 2008 წლის აგვისტოს ომისთვის ბოდიში უნდა მოიხადოს. საბოლოო ჯამში, თბილისში ბევრი ეჭვობს, რომ საქართველოს მომავალი ერთ კითხვაზეა დამოკიდებული: ოლიგარქს უფრო მეტად ეშინია დასავლეთის სანქციების შედეგად დაკარგოს თავისი მილიარდები თუ სიცოცხლე, პუტინის გამო, რომელიც ცნობილია ოპონენტების მოშორებით”- წერს გამოცემა.

Dailymail-ის სტატიაში საუბარია მმართველი პარტიის ანტიდასავლურ რიტორიკაზე, ოპოზიციური სპექტრის აკრძალვის დაანონსებაზე, რუსული კანონის მიღებასა და ივანიშვილის ხელისუფლების პროპაგანდისტულ ბანერებზეც. როგორც ბრიტანული გამოცემა წერს, „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანია „კარგად დაფინანსებულია“.