სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ ევროპის საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი მოლაპარაკებებში ჩართვას პირადად აპირებს.
“უფრო ნაკლებს ველოდი ამ შეხვედრისგან, ვიდრე ვნახე. დავინახე, რომ პირადად ბატონი შარლ მიშელი აპირებს ჩაერთოს ამ პროცესში, თუ მზაობა იქნება ჩვენი მხრიდან და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირის უმაღლეს დონეზე აიწევს ის პოლიტიკური კრიზისის საკითხი, რომელიც საქართველოშია.
მეორე ძალიან სერიოზული განაცხადი იყო, რომ ფასილიტაციიდან მედიაციისკენ. ეს არის ორი განსხვავებული რამ, ანუ ნიშნავს, რომ მათ შორის შეთანხმების ალტერნატიულ წინადადებებს თვითონაც წარმოადგენს ევროკავშირის მხარე იმისთვის, რომ მის ასოცირებულ წევრ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი მოგვარდეს”,– ამბობს ვაშაძე შეხვედრის დასრულების შემდეგ.
მისივე განცხადებით, ევროკავშირის მხრიდან დაინახა განცდა, რომ პოლიტიკური პატიმრების საკითხი ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაიხუროს.
“ასეთი შეთანხმება იქნება მარტის თვის ბოლომდე, რა თქმა უნდა, იმ საკითხებზე, რაზეც ჩვენ ვმსჯელობთ, იქნება პატიმრების საკითხი, არჩევნების საკითხიც, ამ თემებზე გარკვეული შეთანხმებები უნდა შედგეს.
რაც იყო მათი მხრიდან პოზიცია, ჩვენ მხარესთან იყო თხოვნა, რომ ორივე მხარე, რა თქმა უნდა, უნდა ვიყოთ გარკვეულწილად კომპრომისულები. ჩვენ მაგალითად, კომპრომისი ვთქვით, რომ რიგგარეშე არჩევნების მაგივრად შეგვიძლია წავიდეთ პლებისციტზე. ეს ფუნდამენტური და დიდი კომპრომისია, რომელიც ოპოზიციას გაცხადებული აქვს”,– განაცხადა გიორგი ვაშაძემ.