პირადობების ჩამორთმევა ამომრჩევლებისთვის – სახალხო ცამვბელი ცხელი ხაზის ნომერს აქვეყნებს და გამოძების დაწყებას ითხოვს

გავრცელებულ ინფორმაციებს, იმის შესახებ, რომ  მოქალაქეებს პირადობის მოწმობებს ართმევენ, სახალხო დამცველი ეხმაურება და საზოგადოებას შეახსენებს, რომ არჩევნებში ნების განხორციელებისათვის ხელის შეშლა სისხლის სამართლის დანაშაულია და სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდებს დაიწყონ გამოძიება.  ომბუდსმენი, გამოხატავს მზადყოფნას, მანდატის ფარგლებში დაეხმაროს ნებისმიერ მოქალაქეს და აქვეყნებს ცხელი ხაზის ნომერს:

“უკანასკნელ დღეებში მედიით, სოციალურ ქსელებით, ასევე სხვადასხვა სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ცნობილი ხდება, რომ უცნობი პირები ამომრჩევლებს, მუქარით, დაშინებით, ძალადობით ან/და სხვა უკანონო გზებით ართმევენ საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობებს.

საქართველოს სახალხო დამცველი საზოგადოებას შეახსენებს, რომ არჩევნებში ნების განხორციელებისათვის ხელის შეშლა, მათ შორის მოტყუებით, ძალადობით თუ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს.

სახალხო დამცველი მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციების შესაბამისად, შესაძლო დანაშაულებრივი ფაქტების საფუძველზე დაიწყონ გამოძიება.

ასევე, საქართველოს სახალხო დამცველი გამოხატავს მზაობას მანდატის ფარგლებში დაეხმაროს ნებისმიერ მოქალაქეს რომელსაც ასეთი ფორმით ჩამოართვეს საქართველოს პირადობის მოწმობა. მსგავს შემთხვევებში გთხოვთ მოგვმართოთ აპარატს ცხელ ხაზზე – 1481.” ნათქვამია განცხადებაში.