“პიჯაკით თუ შიშველი ტორსით ცხენზე?“–დიდი შვიდეულის ლიდერებმა პუტინის მაჩოიზმს დასცინეს

დიდი შვიდეულის სამიტის პირველ დღეს, სადილის დროს მსოფლიო ლიდერებმა პუტინის ცნობილი ფოტოები გაიხსენეს – ცხენზე შიშველი ტორსით, და იმსჯელეს, ხომ არ ღირს, თვითონაც იგივე გააკეთონ და ფოტოსესიისთვის გაიხადონ, რომ აჩვენონ, რამდენად მტკიცეა მათი განწყობა.

ხუმრობა მაგიდასთან იმით დაიწყო, რომ ბრიტანეთის პრემიერმა ჯონსონმა მაგიდასთან დაჯდომისას გარშემომყოფებს კითხა, რა უქნას პიჯაკს: ჩაიცვას თუ ჯობს გაიხადოს– წერს სააგენტო ფრანს პრესის ჟურნალისტი ლიდერების დიალოგის შესახებ.

კანადის პრემიერმა, ჯასტინ ტრუდომ ჯონსონს უპასუხა, რომ ჯობს ერთობლივ ოფიციალურ ფოტოსესიას დაელოდონ და იქ უკვე ერთად გაიხადონ პიჯაკები.

“მაგრამ ჩვენ  ხომ უნდა ვაჩვენოთ, რომ ჩვენ უფრო მაგრები ვართ, ვიდრე პუტინი“ – უპასუხა ჯონსონმა. საპასუხოდ ტრუდომ თქვა, რომ ამ შემთხვევაში კარგი იქნებოდა შიშველი ტორსებითი ცხენებზე ამხედრებულიყვნენ. მას მხედველობაში ქონდა პუტინის ოფიციალური ფოტოსესია ბუნებაში, რომელიც 2009 წელს გლობალურ მემად იქცა.

“ცხენით ჯირითი საუკეთესო რამეა დედამიწაზე“– დაეთანხმა ტრუდოს ურსულა ფონ დერ ლაიენი, თუმცა ჩაცმულობის შესახებ არაფერი უთქვამს.

საბოლოოდ, მსოფლიო ლიდერებმა ფოტო პიჯაკებში გადაიღეს, შემდეგ კი სერიოზულ განხილვებს შეუდგნენ, რისთვისაც სინამდვილეში ბავარიაში დიდი შვიდეულის სამიტზე ჩავიდნენ. ჟურნალისტებმა კი შენობა დატოვეს.