“პოლიტიკური რეპრესიებია” – გახარიას გუნდის წევრი მერების მოადგილეების გადადგომაზე

გახარიას გუნდის წევრი გიორგი ხოჯევანიშვილი ეხმიანება გორის და ხაშურის მერის მოადგილეების გადადგომას და მას პოლიტიკურ რეპრესიებად აფასებს.

“რამდენიმე მუნიციპალიტეტში მოხდა მერის მოადგილეებზე ზეწოლა, ზეწოლა ხდებოდა ერთადერთი მიზეზის გამო, ეს არის გახარიას გუნდის თანამოაზრეობის ნიშნით მოთხოვნა თანამდებობების დატოვებასთან დაკავშირებით. ეს არის ძალიან ცუდი ტენდენცია, რომელსაც ერთ დროს თვითონ „ქართული ოცნება“ ებრძოდა, მაგრამ დღეს ამ მეთოდებით ფაქტიურად პოლიტიკური რეპრესიებია დაწყებული, რომელიც დარწმუნებული ვარ, არ დამთავრდება მმართველი გუნდისთვის სასიკეთო შედეგით”,– თქვა ხოჯევანიშვილმა.

მისივე თქმით, ზეწოლა დაწყებულია სხვა მუნიციპალიტეტებშიც.

“ეს იყო ორკესტრირებული მოწოდება და ზეწოლა ცენტრალური პარტიის მხრიდან, მთავრობის მხრიდან. მერების მხრიდან იყო უშუალოდ ამ ადამიანებზე ზეწოლა. მე მომაწოდეს ახლა ინფორმაცია, რომ სხვა მუნიციპალიტეტებშიც არის დაწყებული ეს პროცესი.

დაწყებულია ის პროცესი, რომელიც არის სინქრონული, ორკესტრირებული პროცესი და ჩვენ ვხედავთ, რომ ეს არ მოხდა ერთ, არამედ მოხდა რამდენიმე მუნიციპალიტეტში,”- აღნიშნა ხოჯევანიშვილმა.

ცნობისთვის, გორის მუნიციპალიტეტის მერმა ორი მოადგილე თანამდებობიდან გაუშვა. გორის მერის, კონსტანტინე თავზარაშვილის განმარტებით, მოადგილეების გაშვების მიზეზი გახარიას სასარგებლოდ საარჩევნო აგიტაციის გაწევაა.

თანამდებობა დატოვა ხაშურის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ზურაბ როსებაშვილმაც. ისიც ამბობს, რომ პოსტის დატოვება აიძულეს.