პოლონეთს შეუძლია დასავლეთ უკრაინა რუსული რაკეტებისგან დაიცვას–გენერალი კოზეი

პოლონეთს შეუძლია უზრუნველყოს უკრაინის დასავლეთ ოლქების ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა, თუ რუსეთი საჰაერო დაბომბვებს განაგრძობს. ამის შესახებ ბრიგადის გენერალმა, ქვეყნის ნაციონალური უსაფრთხოების ბიუროს ყოფილმა ხელმძღვანელმა, სტანისლავ კოზეიმ განაცხადა.

სამხედრომ ხაზი გაუსვა, რომ რუსული დარტყმები ძალიან ახლოს არის პოლონეთის საზღვართან. უკრაინის არმია ბევრად გაძლიერდა რუსეთის შეჭრის მომენტიდან დღემდე, პირველ რიგში თანამედროვე უცხოური ტექნიკის წყალობით, რომელიც პარტნიორებმა მისცეს. რუსეთი ამავე დროს იყენებს მოძველებულ სამხედრო ტექნოლოგიებს, ზოგჯერ საბჭოურსაც კი, თუმცა ჯერ კიდევ დიდ საფრთხეს წარმოადგენს დიდი  რაოდენობრივი უპირატესობის გამო.

“ჩვენ გვაქვს მიზეზი იმისთვის, რომ პრევენტული დაზღვევა გავაკეთოთ და ამის შესახებ რუსეთს შევატყობინოთ, თუ ის არ შეწყვეტს ჩვენი საზღვრის დიდი სიშორის რაკეტებით დაბომბვას. ჩვენ მოგვიწევს და შევძლებთ თანდათან დავნერგოთ რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვა უკრაინის დასავლეთში“– ამბობს სტანისლავ კოზეი.

ის დასძენს, რომ რუსული არმია ცდილობს დასავლური სამხედრო ტექნიკის მარაგები გაანადგუროს, რომელსაც უკრაინელები დასავლეთ საზღვართან ახლოს მალავენ. გენერლის აზრით, ნატომ უნდა ჩამოაგდოს რაკეტები, რომლებიც მისი წევრი ქვეყნების მიმართულებით მიფრინავენ სტრატეგიული ავიაციის საშუალებით. თუმცა, ასეთმა ნაბიჯმა შეიძლება კონფლიქტის ესკალაცია გამოიწვიოს.

სტანისლავ კოზეი თვლის, რომ რუსეთმა უკრაინასთან ომი უკვე წააგო სტრატეგიულ და პოლიტიკურ დონეზე. აგრესორი ქვეყანა ამ სიტუაციიდან ძლიერ დასუსტებული გამოვა როგორც სამხედრო თვალსაზრისით, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე, რუსეთის მოქალაქეების ცხოვრება კი გაუარესდება.

ამავე დროს, პოლონელი გენერალი ყურადღებას ამახვილებს, რომ რუსეთმა უკრაინის ტერიტორიის 20%–ის ოკუპირება მოახდინა და უკრაინის აღმოსავლეთში ნელა მიიწევს წინ. თუ რუსული არმია დონბასის აღებას შეძლებს, ისინი ოდესისკენ წავლენ და უკრაინელებს შავ ზღვაზე გასასვლელს წაართმევენ. თუ რუსეთი უკრაინას სრულად დაიპყრობს და იქ მარიონეტულ ხელისუფლებას დასვამს ბელორუსის მსგავსად, შეიძლება საკუთარი ჯარი შემდეგ პოლონეთსა და ბალტიისპირეთშიც გაგზავნოს, რუსეთის მოქალაქეები კი ომის გაგრძელებაზე თანახმა იქნებიან ეიფორიულ ტალღაზე.

მისი აზრით, რუსეთის გამარჯვება დონბასში ჯერ გადაწყვეტილი არ არის, რადგან უკრაინულმა არმიამ ოკუპანტის განდევნა რამდენიმე მიმართულებიდან შეძლო.

“ეს დასავლეთზეა დამოკიდებული – რამდენად  მტკიცედ და ხანგრძლივად დაუჭერს ის მხარს უკრაინას. ვსაუბრობ არა მხოლოდ მხარდაჭერის ამჟამინდელ ფორმაზე, არამედ უფრო ფართო ოპერატიულ ჩარევაზე“– ამბობს გენერალი.