პოლონელი ტურისტის დაჭრა პრაიდს არ უკავშირდება, დამოუკიდებლად მოხდა – შსს

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ 5 ივლისს პოლონელი ტურისტი დაჭრა თბილისი პრაიდს არ უკავშირდება.

“აღნიშნული ფაქტი მოხდა სრულიად დამოუკიდებლად, ეს მოხდა ხეთაგუროვის ქუჩაზე, სადაც, როგორც ჩვენთვის ცნობილია და დედამაც გააკეთა განცხადება, ფსიქიურად დაავადებული ადამიანი თავს დაესხა უცხოელ ტურისტს. არანაირი კავშირი ამ ფაქტს იმ ფაქტებთან, რაზეც საუბარი იყო, რომ თითქოს ეს პრაიდს უკავშირდება, სიცრუეა.

ეს იყო ჩვეულებრივი შემთხვევა, როდესაც მოხდა საყოფაცხოვრებო ნიადაგზე, არანაირ დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია იქ. მიეჭრა კონკრეტული პირი და მოახდინა სულ სხვა ადგილას მისი ჯანმრთელობის დაზიანება. ჩვენ დაწყებული გვაქვს გამოძიება, დაკავებულია ეს პირი, ჩატარდება შესაბამისი ექსპერტიზა და გვეცოდინება საბოლოო პასუხი”, – განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.

ცნობისთვის, პოლონელი ტურისტი ხეთაგუროვის ქუჩაზე 5 ივლისს დაჭრეს.