“პოლონელისთვის ჰიტლერი და სტალინი ერთი და იგივეა…ჩვენთვის ეს ისეთი მოულოდნელი და უსიამოვნო იყო“–პოლონეთის ელჩი მატრონას ხატზე და სტალინისადმი ქართველების დამოკიდებულებაზე

საქართველოში პოლონეთის ელჩი ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მას პასუხი მოსთხოვა სტალინთან დაკავშირებული განცხადების გამო. მარიუშ მაშკევიჩმა ონლაინგამოცემა Sova.News-თან ინტერვიუში ვრცლად ისაუბრა საქართველოში სტალინიზმზე და სტალინთან დამოკიდებულებაზე.  ჟურნალისტის კითხვაზე, მან უპასუხა, რომ საქართველოს ხელისუფლება მისთვის ადგილის მიჩენას ცდილობდა განცხადების შემდეგ, რომელიც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ერთ–ერთ კონფერენციაზე გააკეთა და საქართველოს ხელისუფლებას სტალინის მუზეუმის დახურვა ურჩია.

“ეს იყო კონფერენცია, რომელიც რონდელის ფონდმა დააორგანიზა და სადაც მე მიმიწვიეს. ეს იყო უკრაინაში ომის დაწყებიდან მალევე. მე ვთქვი, რომ რასაც პუტინი აკეთებს უკრაინაში, ეს არის სტალინიზმის მემკვიდრეობა. მაშინ მოვუწოდე მთავრობას ძალიან დელიკატურად, რომ თუ არ შეგიძლიათ სანქციებს შეუერთდეთ, რამე სიმბოლური ჟესტი მაინც გააკეთეთ. მაგალითად სტალინის მუზეუმის დახურვა. მე არ მეგონა, თუ ეს ასეთ ძლიერ მღელვარებას, ძლიერ რეაქციას გამოიწვევდა. წარმოიდგინეთ, ელექტრონული ფოსტით წერილებს ვიღებდი, რომ მშვიდად ვერ ვივლიდი თბილისის ქუჩებში, რომ ვაწყენინე დიდ ქართველ გმირს. ეს ძალიან სამწუხაროა, იმიტომ რომ საქართველოში ძალიან ბევრი გმირი გყავთ ისტორიაში, რომლებითაც ქართველებმა შეგიძლიათ იამაყოთ, მაგრამ სტალინი  არ არის ის ადამიანი .

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ცდილობდა ჩემთვის ადგილის მიჩენას, მაგრამ მე ძალიან უხეში სიტყვა ვთქვი… ვუთხარი, მე ამ თემაზე არ ვილაპარაკებ. გესმით, კატინში ასევე დაიღუპნენ პოლონეთის არმიის ქართველი ოფიცრები, ეს არის პრობლემა, რომელიც არანაირ დისკუსიას არ ექვემდებარება.

ეს არ არის რელიგიური გრძნობების ან ემოციების პრობლემა. ის რომ მე ვეხები რაღაც დელიკატურს, ვიღაცას შეურაცხყოფას ვაყენებ… ეს უბრალოდ ობიექტური სიმართლეა. ის უნდა მიიღო. შესაძლოა, ვინმეს ჰგონია, რომ რთულია, მაგრამ ეს უნდა მიიღო, როგორც დიაგნოზი დაავადების დროს“. – თქვა ელჩმა

შეკითხვაზე, გამოიძახეს თუ არა ის ამის გამო  საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში  ელჩმა უპასუხა, რომ დეტალებს არ დააზუსტებს და  ეს იყო არაოფიციალური შენიშვნა.

“ მე მაშინ ძალიან დელიკატურად, მაგრამ გავუშვი… ცხადია, როგორც პოლონეთის წარმომადგენელს, არ შემიძლია სხვანაირად რეაგირება“.– თქვა ელჩმა.

ვრცელ ინტერვიუში პოლონეთის ელჩმა ისაუბრა მისი ქვეყნის მოსახლეობის დამოკიდებულებაზე სტალინის მიმართ და იმ გაოცებაზე, რომელიც სტალინის მიმართ ქართველების დამოკიდებულებამ გამოიწვია საქართველოში დიპლომატიური სამსახურის დაწყების შემდეგ.

“ როცა საქარველოში ელჩად მუშაობა დავიწყე, აღმოვაჩინე, რომ სტალინის მიმართ ქართველებში სენტიმენტებია შემორჩენილი, მის გამო სიამაყის გრძნობა,  ნოსტალგიის გრძნობა, ბევრი ისეთი ელემენტი, რომლებიც გარკვეულ ემოციებს ეფუძნება, ალბათ ნაციონალურ ემოციებს. ძალიან გაოცებული დავრჩი, რადგან პოლონეთში ყოველთვის ითვლებოდა, რომ ქართველები ჩვენი საუკეთესო მეგობრები არიან , არადა თურმე არსებობს საკითხები, რომლებსაც სრულიად განსხვავებულად ვუყურებთ. და ეს საკითხია სტალინი და სტალინიზმი.საშუალო პოლონელისთვის ჰიტლერი და სტალინი ერთი და იგივეა.

სამებაში მატრონას ხატთან დაკავშირებული სკანდალის შემდეგ ჩვენ ფეისბუქზე დავდეთ პოსტი , უბრალოდ ინფორმაცია, იმის შესახებ, რა მსხვერპლი მოჰყვა სტალინურ რეპრესიებს უშუალოდ პოლონეთში, სხვა ქვეყნების და თავად საბჭოთა კავშირის მონაცემები არ დაგვითვლია. მილიონნახევარზე მეტი ადამიანი დაზარალდა გადასახლებებით, რეპრესიებით, ციხეებით, სადაც ადამიაანები ცხოვრებას კარგავდნენ, ცხოვრებისეულ შესაძლებლობებს, ჯანმრთელობას და ყველაფერს.

ზუსტი მონაცემები, 1945 წლის შემდეგ რამდენი ადამიანი მოკლა სტალინის რეჟიმმა პოლონეთში არ გვაქვს, თუმცა მხოლოდ დოკუმენტურად დადასტურება რაც შეგვიძლია, ეს არის 150 000 მოკლული ადამიანი. ჩვენ დავდეთ ეს ინფორმაცია ქართულ სივრცეში, რომ გვეჩვენებინა, რატომ არის ეს საკითხი ჩვენთვის მნიშვნელოვანი და არ შეგვიძლია გვერდით მშვიდად ჩავუაროთ, თითქოს ეს არის რაღაც ფოლკლორული მოვლენა. ეს უფრო ღრმა პრობლემაა.“– ამბობს ელჩი.

პოლონეთის ელჩი ინტერვიუში საუბრობს იმაზეც, როგორ უნდა ამოვიცნოთ სტალინიზმი თანამედროვე პოლიტიკაში. მისი თქმით, დღეს რუსეთში სტალინიზმი სახელმწიფო პოლიტიკაა:

“ სტალინიზმში  ადამიანი მეორე პლანზე იყო.  წინ იყო სხვა მიზნები. ადვილად შეგვიძლია განვსაზღვროთ, სად არის სტალინიზმი და არ არის სტალინიზმი.  ამ ერთი ინსტრუმენტით თავისუფლად შეგვიძლია განვსაზღვროთ  რამდენი სტალინიზმია კონკრეტულ მიდგომაში ან პოლიტიკურ აზროვნებაში. თუ იქ ადამიანი არ დომინირებს და მისი ფასეულობა, ესეიგი ძალიან ახლოს ვართ სტალინიზმთან.

ახლა რუსეთში სამწუხაროდ  სახელმწიფო პოოლიტიკაა სტალინი სპოლიტიკა, რომელშიც ადამიანი არაფრად ითვლება. პუტინი ასობით ათას ადამიანს მოსაკლავად უშვებს, უბრალოდ კლავს, იმიტომ რომ ეჩვენება, რომ  საზღვრის რომელიღაც მონაკვეთი სხვაგვარად უნდა იყოს და არა ისე, როგორც არის.“

მარიუშ მაშკევიჩი ამბობს, რომ სამების ტაძარში სტალინის გამოსახულებიან მატრონას ხატთან დაკავშირებით ატეხილ ვნებათაღელვას  პოლონეთში ყურადღებით ადევნებენ თვალყურს და ეს საკითხი პოლონურ მედიაში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს, რადგან პოლონეთში, სადაც ქართველები ძალიან უყვართ, უკვირთ, როგორ შეიძლება აქ სტალინი ასეთი პატივცემული იყოს. კითხვაზე, სად გრძნობს საქართველოში სტალინს ყველაზე მეტად, პოლონეთის ელჩი პასუხობს:

“მე ვფიქრობ, რომ ქართველების  ნაწილის თავში. ვკითხულობდი სოცილოლოგიურ კვლევებს, სადაც ეწერა, რომ საქართველოს მოსახლეობის 30 პროცენტი სტალინს კარგ ადამიანად, ეროვნულ გმირად,  თვლის, რომ მას თვლიან კარგ მაგალითად, საზღვარგარეთ წარმატების. რომ აი, ჩვენი სოფლიდან გავიდა და ასეთი გმირობა ჩაიდინა, წარმატებას მიაღწია. არა ბიზნესში, როგორც ზოგიერთბემა, მაგრამ პოლიტიკაში, ისტორია შექმნა. ეს საშინელებაა. ერთხელ ლანჩხუთში მერიასთან ჩემი დიპლომატიური მანქანით გავჩერდი, ბევრი ხალხი იყო,  ხმამაღლა ვიკითხე, სად არის თქვენთან ნოე ჟორდანიას მუზეუმი, ყველამ გაოცებულმა შემომხედა, ასეთი მუზეუმი არ გვაქვსო. ეს არ არის კარგი. ის დიდი ადამიანი იყო. მე პოლონეთიდან ვარ და ჩვენ ძალიან დიდ პატივს ვცემთ ნოე ჟორდანიას და ვფიქრობ, რომ  ლანჩხუთში უნდა იყოს ნოე ჟორდანიას მუზეუმი, განსხვავებით გორისგან, სადაც არსებობს სტალინის მუზეუმი.

არაერთხელ მსმენია, რომ ადამიანები სტალინის სადღეგრძელოს სვამენ. ქორწილებში, გასვენებებში, სუფრებზე. სოფლებში სტალინის ბიუსტები დგას. ეს ჩვენთვის, პოლონელებისთვის გაუგებარია, დიდი ტკივილით ვიღებ ამას, ისევე, როგორც ყველა პოლონელი.

რაც სამებაში მოხდა, ხატთან დაკავშირებით, თითქოს სტალინი მატრონას ელაპარაკება, რაც ლეგენდაა და არასოდეს არ ყოფილა სინამდვილეში, ეს ფაქტი პოლონეთში ყველა მედიამ შეამჩნია. ყველა განიხილავს ამას. დღესაც, ყველაზე მთავარ გაზეთში გამოქვეყნდა სტატია, რომ ასეთი რამ მოხდა. პოლონეთში ისეთი გაკვირვებულები არიან. პოლონეთში ძალიან გვიყვარს ქართველები, პატივს ვცემთ, ვიღებთ ჩვენთან, ბევრი ადამიანი მუშაობს პოლონეთში, და ჩვენთვის ეს ისეთი მოულოდნელი და უსიამოვნო იყო, თითქოს… რა პარალელი მოვიყვანო, თითქოს საყვარელი ადამიანი გღალატობს. ჩვენთვის გაუგებარია. პოლონეთში ასეთი რეაქცია იყო.

ამასწინათ ბიბისიზე ვუყურებდი ათწუთიან  გადაცემას თემაზე, რატომ უყვართ ქართველებს სტალინი. ექსპერტი ცდილობდა ამის ახსნას. წარმოიდგინეთ, ბიბისი მთელ მსოფლიოში აჩვენებს და ხალხი მთელ მსოფლიოში გაოცებულია , და ეს პუტინს აწყობს, იმიტომ რომ პუტინი არაერთხელ ქირქილებდა, რომ  აი, ქართველებს სტალინი უყვართ და ისინი ჩვენიანები არიან.“– ამბობს ელჩი.

პოლონეთის ელჩის ინტერვიუს იმ ეპიზოდს, რომელშიც ის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან მისთვის ადგილის მიჩენის მცდელობაზე საუბრობს, საქართველოს საგარეო უწყება ჯერ არ გამოხმაურებია.