პოსტკრიზისულ გეგმაზე კემბრიჯის და ლონდონის უნივერსიტეტების მეცნიერებთან ერთად ვმუშაობთ – გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ქვეყნის პოსტკრიზისული ეკონომიკური აღდგენის გეგმაზე ადგილობრივ ექსპერტებთან ერთად კემბრიჯისა და ლონდონის უნივერსიტეტის საუკეთესო მეცნიერები და ასევე დელოიტის ნიუ-იორკის ოფისის ანალიტიკოსები მუშაობენ.

გახარიას თქმით, ეს არის ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მოკლევადიანი, საშუალოვადიანი და გრძელვადიანი სტრატეგია, რომლის პირველი სამუშაო ვარიანტი განსჯისთვის საზოგადოების წინაშე იქნება წარდგენილი.

„ეს არის ის გეგმა, რომელიც მისცემს საქართველოს შესაძლებლობას, პოსტპანდემიურ ეკონომიკაში, რომლის კონტურები ჯერ არც თუ ისე კარგადაა ცნობილი, გლობალურ კონკურენციაში იყოს მაქსიმალურად მომზადებული და მაქსიმალურად ეფექტური. “, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, რომ დაახლოებით ერთ თვეში გეგმის პირველი მონახაზი უკვე მზად იქნება, კიდევ ერთ თვეში კი ადგილობრივ ექსპერტებთან მას საბოლოო სახე მიეცემა. მისი თქმით, გეგმაში ძირითადი აქცენტი მომავალი 2021 წლის ღონისძიებებზე გაკეთდება, თუმცა მასში აისახება ის ნაბიჯებიც, რომლებიც მიმდინარე საბიუჯეტო წელს იქნება გადასადგმელი.