პრაქტიკულად საგანგაშო, სერიოზული ვითარებაა – მარინა ენდელაძე

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი მარინა ენდელაძე ამბობს, რომ საქართველოში ვითარება საგანგაშოა.

მისი აზრით, თბილისში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობის მკვეთრი ზრდა რეგულაციების არდაცვას უკავშირდება.

„ეს უკავშირდება ისევ და ისევ რეგულაციების არდაცვას. მე კიდევ ერთხელ მოვუწოდებ საზოგადოებას, თბილისელებს და საერთოდ, მთელ საქართველოს, რომ დავინდოთ საკუთარი თავი, დავინდოთ სახელმწიფო და დაგვინდეთ ჩვენც, ექიმები, რამეთუ ძალიან რთულ პირობებში გვიწევს მუშაობა“,-განაცხადა ენდელაძემ.

მისი შეფასებით, „ეს საქართველოში კორონავირუსის უკვე აქტიური გავრცელებაა და აუცილებელია რეგულაციების დაცვა“.

„უკვე პრაქტიკულად საგანგაშოა. უნდა ვთქვათ ეს სიტყვა და მივიღოთ, რომ ყველანაირად დავიცვათ რეგულაციები. ძალიან სერიოზული ვითარებაა“,– თქვა ენდელაძემ.

დღეს საქართველოში კორონავირუსის 1192 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც ქვეყნისთვის რეკორდული მაჩვენებელია. ბოლო 24 საათში 8 პაციენტი გარდაიცვალა.