პრეზიდენტი პოლიტიკოსებს ინდივიდუალურად ხვდება და საერთო ენის გამონახვას ცდილობს – ბესელია

პრეზიდენტი პოლიტიკოსებს ინდივიდუალურად ხვდება და საერთო ენის გამონახვას ცდილობს – ამის შესახებ, „სამართლიანი საქართველოს“ ლიდერმა ეკა ბესელიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.

„მგონი, მმართველმა პარტიამ უკვე დაარწმუნა საერთაშორისო პარტნიორები იმაში, რომ ისინი ამას გამოუცდელობით კი არ ჩადიან, განზრახ აზიანებენ ამ პროცესს. ხელისუფლებაში დროებით მყოფი ჯგუფი არჩევნების გზით შეიცვლება, არავინ რჩება მარადიულად ხელისუფლებაში. თუ ეს მიზანი აქვთ, რომ ხელი შეუშალონ საქართველოს ევროპულ ოჯახში გაწევრიანებას, ეს მიზანი რომ არ შესრულდეს, მგონი ამის საპირისპირო პროცესი იწყება ჩვენი ქვეყნის მეგობრების მხრიდან. შანსი გაჩნდეს, რომ ამ ადამიანების გამო ქვეყანა არ დაზარალდეს. […] პრეზიდენტს პარლამენტში ბრწყინვალე გამოსვლა ჰქონდა. მისი გზავნილები ალბათ, უკვე მეტყველებდა არა მხოლოდ იმაზე, რომ პარლამენტში სათქმელი თქვა, ამით დაადასტურა თავისი მნიშვნელოვანი როლის შესრულება ამ პროცესში, რასაც ჰქვია ევროკავშირში საქართველოს კანდიდატის სტატუსის სწრაფად მიღება. პირიქით, მე დავინახე და ეს მასთან საუბარმაც დამარწმუნა, რამდენიმე დღის წინაც შეხვედრა მქონდა, რომ ის აპირებს გაცილებით მეტი გააკეთოს, ალბათ, ყველაზე მეტი ხელისუფლებაში მყოფ პირთაგან, რათა ახლა ამ პროცესში საკუთარი სტატუსი,საკუთარი გამოცდილება დაახმაროს იმას, რომ ეს შესაძლებლობა, როგორც ქვეყანამ არ დავკარგოთ. ჩემი შთაბეჭდილებით, რაც საუბრიდან დამრჩა, პრეზიდენტს სურს, რომ პირველი პუნქტისკენ გადადგას ნაბიჯი, რაც არის პოლარიზაციის დასრულება“, – განაცხადა ბესელიამ.

მისი განმარტებით, პრეზიდენტი სრულიად განსხვავებული ხედვის პოლიტიკურ ლიდერებსა თუ საზოგადოებრივი მოძრაობის წარმომადგენლებთან ცდილობს საერთო ენის გამონახვას. ბესელიას თქმით, პრეზიდენტი პოლიტიკოსებს ინდივიდუალურად ხვდება და კონსულტაციებს მართავს.

„ვფიქრობ, ეს ძალიან სწორი და საჭირო პროცესია, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და დროული. მომწონს, როდესაც პრეზიდენტი მმართველ პარტიას ხელს უწვდის და ეუბნება, „ერთად გავაკეთოთ“. კი არ ავლებს ზღვარს, მე თქვენთან არ ვითანამშრომლებო, პირიქით. ის ამბობს, ვისაუბროთ, აზრები გავცვალოთო“, – განაცხადა ბესელიამ.