ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი საქმე პოლიტიკურია, რასაც ადასტურებს ისიც, რომ მისი უახლოესი გარემოცვის წინააღმდეგ აღძრული საქმეები სტრასბურგმა უკვე შეაფასა პოლიტიკურად მოტივირებულად.
მისივე განცხადებით, სააკაშვილი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.
“მან საქართველოში დაბრუნების ძალინ რთული გადაწყვეტილება მიიღო, მე დიდი ხნის წინ მქონდა ეჭვი, რომ ის ამას გააკეთებდა. ჩემი მოსაზრება მის შესახებ არ შეცვლილა, მისმა მმართველობამ საქართველო სრულიად ახალ დონეზე აიყვანა, ეს არის ჩემი აზრი არა მხოლოდ იმიტომ, რომ მასთან და მის თანამოაზრეებთან შეხვედრის შესაძლებლობა ბევრჯერ მქონდა. მე დღესაც ვხვდები საქართველოს წარმომადგენლებს და უნდა გითხრათ, რომ ახლა ნამდვილად შეშფოთებული ვარ და მიმაჩნია, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს”,– თქვა ევროპარლამენტარმა.
ფოტიგა იხსენებს 2012 წელს სააკაშვილის მიერ ძალაუფლების გადაბარებას და ამბობს, რომ არ მჯერა იმ ბრალდებებისა, რომელთა მიხედვით, ყოფილ პრეზიდენტს საკუთარ ქვეყანაში დესტაბილიზაცია სურს.
“პირიქით, ის ყოველთვის ფრთხილი იყო, როდესაც საქმე მისი ხალხის კეთილდღეობასა და მშვიდ ცხოვრებას ეხებოდა”,– აღნიშნა ანა ფოტიგამ “მთავარ არხთან” ინტერვიუში.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს დააკავეს. ის მე-13 დღეა შიმშილობს.