პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დღეს ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერი აქცია გაიმართება

ფოტო : საზოგადოებრივი მაუწყებელი

“ახალგაზრდები ლაზარესთვის” – დღეს, 29 სექტემბერს, პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან აქცია გაიმართება. მოქალაქეები ათონელის სასახლესთან 19:00 საათიდან შეიკრიბებიან და მარტის აქციების დროს დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის გათავისუფლებას მოითხოვენ.

“პარასკევს, 19:00 საათზე ახალგაზრდები ვიკრიბებით ლაზარესთვის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, რადგან პრეზიდენტს და ქართულ ოცნებას კიდევ ერთხელ ვუთხრათ, რომ საქართველო არასდროს იქნება “რუსეთის გუბერნია” და დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ საქართველოს ევროპული მომავლისთვის მებრძოლი ლაზარე გრიგორიადისი. საქართველო აუცილებლად იქნება ევროპული ოჯახის ღირსეული წევრი”, – წერია ღონისძიების აღწერაში.

ცნობისთვის, რუსული კანონის წინააღმდეგ აქციების მონაწილე, დაკავებულ ახალგაზრდას წინასწარი პატიმრობის ვადა წლის ბოლომდე ეწურებოდა და სასამართლო, რომელსაც გამოძიებამ ამ დრომდე ვერ წარუდგინა მტკიცებულებები, იძულებული გახდებოდა ის გაეთავისუფლებინა. ლაზარე გრიგორიადისს 25 სექტემბერს ერთი წლითა და 6 თვით პატიმრობა ოჯახური კონფლიქტის საქმეზე მიუსაჯეს.