“ვნახე გამოხმაურებები, გარკვეული კრიტიკა ისმოდა, მათ შორის აბსოლუტურად მიუღებელი სამთავრობო ტრიბუნიდანაც. მე ამ ღონისძიებაზე არ ვყოფილვარ და არც საღამოს ვაპირებ ფუნიკულიორზე ღონისძიებაზე წასვლას. 26 მაისი ჩემთვის ეს არის პასუხისმგებლობის დღე. დიახ, პრეზიდენტს ჰქონდა კრიტიკული და მწვავე გზავნილები, მაგრამ ეს არის რეალობა და პასუხისმგებლობა ქვეყნის წინაშე, რომელიც ნიშნავს იმას, რომ რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ, კი არ უნდა დავუხუჭოთ, შევფუთოთ და შევეცადოთ, რომ ის შევალამაზოთ ან თვალს მოვარიდოთ. დამოუკიდებელი სახელმწიფოს პასუხისმგებლობა გულისხმობს, რომ თვალი გაუსწოროს იმ პრობლემებს, რაც დღეს აქვს. ვთქვათ, რა გვჭირს, საით გვინდა, რომ ვიაროთ და იქითკენ ვიაროთ. დღეს პრეზიდენტმა თქვა საქართველოს ათასობით მოქალაქის სათქმელი, რომელსაც ხელისუფლება არ ამბობს და გაგონებაც არ უნდა. დიახ, პასუხისმგებლიანი ლიდერი დღეს სიმართლეს უნდა ამბობდეს და პრეზიდენტმა ეს სიმართლე თქვა. ვისურვებდი, მისი ეს დღევანდელი გზავნილები ასევე მალე გადაიზარდოს კონკრეტულ ქმედებებში და კიდევ უფრო აქტიურ ქმედებებში, რის უფლებამოსილებასაც მას საქართველოს კონსტიტუცია ანიჭებს”,

ასე შეაფასა პარტია “ლელოს” დეპუტატმა, ანა ნაცვლიშვილმა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლა.