პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი ეხმიანება გალიდან მდინარე ენგურის გადმოლახვისას 4 ადამიანის გარდაცვალებას და დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს.
მისი თქმით, ეს ადამიანები მჩაგვრელი ოკუპაციის მსხვერპლი გახდნენ.
„მინდა გამოვეხმაურო გუშინ მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევას, რომელსაც ოკუპირებული გალის რაიონის მკვიდრი ჩვენი ოთხი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა. მინდა მთელი გულით მივუსამძიმრო დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს, ვიზიარებ მათ მწუხარებას. მინდა აღვნიშნო, რომ ეს ადამიანებიც სწორედ ამ მჩაგვრელი ოკუპაციის მსხვერპლი გახდნენ, რადგან წლების განმავლობაში სწორედ ამ უკანონო შეზღუდვებმა არათუ დაამძიმა მათი ყოველდღიურობა, არამედ ჩვენი არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეიწირა”,– თქვა პრემიერმა.
ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ყველა ფაქტზე საოკუპაციო რეჟიმის პასუხისმგებლობის საკითხი მკაცრად დადგება.
“ეს წინა წლებშიც მომხდარა, საუბედუროდ, რუსეთის საოკუპაციო ძალები დღემდე უხეშად არღვევენ ჩვენი მოქალაქეების ძირითად უფლებებს და სრული პასუხისმგებლობაც სწორედ მათ ეკისრებათ, რაც უკვე სამართლებრივადაც არის აღიარებული ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. მინდა მკაფიოდ ვთქვა, რომ ყველა ინციდენტის, თავისუფალი გადაადგილების უკანონო შეზღუდვისა და უკანონო დაკავების ფაქტზე, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით, მკაცრად დადგება საოკუპაციო რეჟიმის პასუხისმგებლობის საკითხი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ცნობისთვის, 7 აპრილს, მდინარე ენგურის გადმოცურვის დროს 4 ადამიანი დაიღუპა. გალის რაიონში მცხოვრებლები საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას ცდილობდნენ.