ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე, 6 ბრალდებულის გამამტყუნებელ განაჩენს გენერალური პროკურატურა სპეციალური განცხადებით ეხმაურება.
უწყება წერს, რომ მცხეთის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მტკიცებულებები და გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მონაწილეობაში, ასევე წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთაში ბრალდებული პირები დამნაშავედ ცნო.
“პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული ექვსივე პირი სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
მცხეთის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მონაწილეობაში, ასევე წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთაში ბრალდებული პირები დამნაშავედ ცნო.
სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარის მიერ გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2020 წლის 18 ივნისს, ლ.შ., გ.მ., ვ.ჩ., ნ.ც. და გ.ტ.-მ ორგანიზება გაუწიეს ჯგუფურ მოქმედებას, რომელსაც თან ახლდა ძალადობა. კერძოდ, ლ.შ.-მ, გ.მ.-მ, გ.ტ.-მ, ნ.ც.-მ და ვ.ჩ.-მ, მისი და ნ.ხ.-ს ცემის გამო, შურისძიების მოტივით, ჩხუბში მონაწილე პირებზე ძალადობის მიზნით, მოახდინეს დამატებითი ძალის მობილიზება. ამისათვის, ვ.ჩ. და გ.ტ. თავიანთი ავტომობილებით, თანმხლებ პირებთან ერთად, მცხეთის მუნიციპალიტეტიდან წავიდნენ ქალაქ თბილისში, ხოლო ლ.შ. და გ.მ. დარჩნენ ადგილზე, რათა პერიოდულად მიეწოდებინათ ინფორმაცია მოწინააღმდეგე მხარის ადგილსამყოფელის შესახებ.
19 ივნისს, დაახლოებით 00:45 საათზე, მდინარე არაგვის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფ გიორგი შაქარაშვილს, გურამ ამირხანაშვილს, გიორგი ქათამაძეს, ვახტანგ ახვლედიანს, იაკობ ბრეგვაძეს და კონსტანტინე ღიბრაძეს თავს დაესხნენ ნ.ც., გ.ტ., ნ.ქ., თ.ბ., ი.მ., გ.მ., ლ.შ. და და რკინის ხელკეტით შეიარაღებული ნ.ჟ., რომლებიც გიორგი ქათამაძეს, კონსტანტინე ღიბრაძეს და ვახტანგ ახვლედიანს ფიზიკურად გაუსწორდნენ. მოგვიანებით გიორგი შაქარაშვილი და ნაცემი ახალგაზრდები დაბრუნდნენ შემთხვევის ადგილზე, დაეხმარნენ ნაცემ გიორგი ქათამაძეს და ცდილობდნენ თბილისში დაბრუნებას, რა დროსაც ახლა უკვე, ვ.ჩ., ვ.მ., ა.ქ., ზ.ხ., ა.გ. და ნ.რ. დაესხნენ თავს, აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას და ცდილობდნენ მათზე ძალადობას. საფრთხის თავიდან არიდების მიზნით, გიორგი შაქარაშვილი დ მასთან ერთად მყოფი პირები გაიქცნენ და მიიმალნენ არაგვის მიმდებარე ტერიტორიაზე. ა.ქ.-მ, ა.გ.-მ, ვ.მ.-მ, ვ.ჩ.-მ, ზ.ხ.-მ და ნ.რ.-მ იპოვეს დამალული გურამ ამირხანაშვილი, იგი მისი ნების საწინააღმდეგოდ ჩასვეს ავტომობილში და მეტროსადგურ დიდუბის მიმდებარე ტერიტორიაზე დატოვეს.
2020 წლის 22 ივნისს მდინარე არაგვში აღმოჩენილი იქნა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი.
სამართალდამცველებმა ლ.შ., გ.მ., ნ.ც., ნ.ქ., ა.ქ. და ზ.ხ. 2020 წლის 26 ივნისს დააკავეს.
ლ.შ.-ს, გ.მ.-ს და ნ.ც.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და მონაწილეობა) წარედგინათ.
ნ.ქ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) წარედგინა.
ა.ქ.-ს და ზ.ხ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით და 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობაში და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთა) წარედგინათ.
გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემდგომ, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის შესაბამისად, მცხეთის რაიონულმა სასამართლომ თბილისის პრობაციის ბიუროს ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის მომზადების მიზნით მიმართა. სასჯელის დანიშვნის სხდომა 20 ნოემბერს გაიმართება.“–ნათქვამია განცხადებაში.