პროკურატურამ “სირცხვილიას” აქტივისტებს დაზარალებულად ცნობაზე უარი უთხრა

პროკურატურამ  მოძრაობა “სირცხვილიას” აქტივისტებს დაზარალებულად ცნობაზე უარი უთხრა. როგორც მოძრაობაში განმარტავენ, 5 ივლისს მათ ოფისზე თავდასხმის მომენტში მარიამ დოლიძე, ზუკა ბერძენიშვილი, სალომე ბარკერი და გიგა მაქარაშვილი ოფისში იყვნენ, როდესაც ძალადობრივი ჯგუფის წევრები მუქარისა და სიტყვიერი შეურაცხყოფის პარალელურად, კარის შემტვრევასა და ოფისში შეღწევას ცდილობდნენ.

“პროკურორმა უარი შემდეგნაირად დაასაბუთა: საქმეში მოპოვებული მტკიცებულებების თანახმად არ დასტურდება, რომ უშუალოდ აღნიშნული პირები  სირცხვილიას წევრები  წარმოადგენდნენ დანაშაულებრივი ქმედებების ადრესატებს. პროკურორის უარი 5 ივლისის საქმეში სირცხვილიას წევრების ინტერესების უგულებელყოფის პირველი ფაქტი არ არის. ოფისზე თავდასხმის შემდეგ, გამოძიება აქტივისტების ჩვენებით არც კი დაინტერესებულა. მარიამ დოლიძის, ზუკა ბერძენიშვილის, სალომე ბარკერისა და გიგა მაქარაშვილის გამოკითხვა მხოლოდ მათი წერილობითი მოთხოვნის შემდეგ მოხდა”, – აღნიშნავენ ორგანიზაციაში.