ვაგნერელების აჯანყების შემდეგ ვლადიმერ პუტინმა რუს ხალხს პირველად მიმართა. 5 წუთიან მიმართვაში პუტინმა დაადასტურა, რომ ძალაშია ვაგნერელებს დაპირება ბელორუსში წასვლის შესაძლებლობის შესახებ
რა თქვა პუტინმა მიმართვაში:
- დიდი ხნის განმავლობაში მადლობას უხდიდა რუსებს მათი “ერთობისთვის”.
- აღიარა ვაგნერის კოლონაზე თავდასხმისას რუსი მფრინავების დაღუპვის ფაქტი
- მან დაგმო “ამბოხება” და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის “ნებისმიერ შემთხვევაში იქნებოდა ჩახშობილი”.
“ხაზს ვუსვამ, რომ მოვლენების განვითარების საწყის ეტაპზევე დაუყოვნებლივ იქნა მიღებული ყველა საჭირო გადაწყვეტილება წარმოქმნილი საფრთხის გასანეიტრალებლად, კონსტიტუციური წესრიგის, ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლისა და უსაფრთხოების დასაცავად. შეიარაღებული აჯანყება ნებისმიერ შემთხვევაში ჩახშობილი იქნებოდა. აჯანყების ორგანიზატორებს, მიუხედავად ადეკვატურობის დაკარგვისა, შეუძლებელია ეს არ გაეგოთ. მათ ესმოდათ ყველაფერი, მათ შორის ის, რომ წავიდნენ კრიმინალურ ქმედებებზე, ქვეყნის გახლეჩვისა და დასუსტებისთვის, რომელიც ახლა კოლოსალურ გარე საფრთხეს, გარედან უპრეცედენტო ზეწოლას აწყდება. როდესაც ფრონტზე იყო სიტყვებით “არც ერთი ნაბიჯი უკან!” ჩვენი ამხანაგები კვდებიან.თუმცა, აჯანყების ორგანიზატორებმა, უღალატეს რა თავიანთ ქვეყანას, საკუთარ ხალხს, უღალატეს მათაც, ვინც ჩათრეულ იქნა დანაშაულში. ატყუებდნენ მათ, უბიძგებდნენ მათ სიკვდილისკენ, ცეცხლის ქვეშ, რომ ესროლათ თავისიანებისთვის.“– თქვა პუტინმა.
- მიმართვისას არცერთხელ არ უხსენებია ევგენი პრიგოჟინის სახელი, იმ კონტექსტშიც კი, როცა საუბრობდა”აჯანყების ორგანიზატორების მხრიდან ადეკვატურობის დაკარგვაზე“.
- თქვა, რომ აჯანყება რუსეთის მტრებს სურდათ.
“სწორედ ეს შედეგი – ძმათამკვლელობა – სურდათ რუსეთის მტრებს: ნეონაცისტებს კიევში, მათ დასავლელ მფარველებსაც და ყველა ჯურის ნაციონალ–მოღალატეებს .მათ სურდათ, რომ რუს ჯარისკაცებს ერთმანეთი მოეკლათ, დაღუპულიყვნენ სამხედროები და მშვიდობიანი მოსახლეობა, რათა საბოლოოდ რუსეთი დარჩენილიყო წაგებული და ჩვენი საზოგადოება გაყოფილიყო და სისხლში ჩამხრჩვალიყო.ისინი სეირს ელოდნენ და ოცნებობდნენ შური ეძიათ ფრონტზე წარუმატებლობისთვის ეგრეთ წოდებული კონტრშეტევის დროს, მაგრამ არასწორად გათვალეს.“
- პუტინი ამტკიცებდა, რომ ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რათა სისხლისღვრა არ მომხდარიყო. მიმართვაში ის ცდილობა შეექმნა შთაბეჭდილება, რომ პროცესებს ყველა ეტაპზე აკონტროლებდა:
„მოვლენის განვითარების საწყის ეტაპზევე ჩემი უშუალო მითითებით გადაიდგა ნაბიჯები, რათა თავიდან გვეცილებინა დიდი სისხლისღვრა. ამას დრო დასჭირდა, მათ შორის იმისთვის, რომ მიგვეცა დაფიქრების შესაძლებლობა მათთვის, ვინც შეცდომა დაუშვა, რათა მიმხვდარიყვნენ, რომ მათი ქმედებები მკაცრად უარყოფილია საზოგადოების მიერ და რა ტრაგიკული, დამანგრეველი შედეგები მოჰყვებოდა რუსეთისთვის, ჩვენი სახელმწიფოსთვის ავანტურას, რომელშიც ისინი ჩაითრიეს.“
- მან „ვაგნერ ჯგუფის“ „პატრიოტებს“ მიმართა და დაადასტურა, რომ მათ შეუძლიათ ხელშეკრულებები გააფორმონ თავდაცვის სამინისტროსთან, სხვა სამართალდამცავ უწყებებთან, ან „დაბრუნდნენ ოჯახებთან და მეგობრებთან“. „ვისაც უნდა, შეუძლია ბელორუსიაში წასვლა. ჩემი დაპირება შესრულდება“, – განაცხადა პუტინმა.
მან მადლობა გადაუხადა ალექსანდრე ლუკაშენკოს „სიტუაციის მშვიდობიანი მოგვარების საქმეში გაწეული ძალისხმევისა და წვლილისთვის“.
პუტინს არ გამოუცხადებია საკადრო ცვლილებები (მაგალითად, თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობის გადადგომა, რომლის მუშაობით ომის მრავალი მომხრეც კი უკმაყოფილოა).
პუტინის სატელევიზიო მიმართვის შემდეგ კრემლმა ძალოვანებთან მისი შეხვედრა დააანონსა. მალევე გამოაქვეყნა ხანმოკლე ვიდეო, რომელშიც ისმის, რომ პუტინი ძალოვანებს მადლობას უხდის გაწეული სამუშაოსთვის და ამბობს, რომ აპირებს ისაუბროს იმ ამოცანებზე, რომლებიც განვითარებული მოვლენების გამო მათ წინაშე დგას. შეხვედრას ესწრებოდნენ გენერალური პროკურორი იგორ კრასნოვი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ანტონ ვაინო, შინაგან საქმეთა მინისტრი ვლადიმერ კოლოკოლცევი, თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ, უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის დირექტორი ალექსანდრე ბორტნიკოვი, ნაციონალურიი გვარდიის ფედერალური სამსახურის დირექტორი ვიქტორ ზოლოტოვი, დაცვის ფედერალური სამსახურის დირექტორი დიმიტრი კოჩნევი, საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარე ალექსანდრე ბასტრიკინი.