ბრიტანელმა გენერალმა რიჩარდ დანატმა დაასახელა პუტინის შეცდომები, რამაც რუსული არმია წარუმატებლობამდე მიიყვანა. Daily Mail–ში გამოქვეყნებულ სტატიაში გენერალი შეცდომებს შორის ასახელებს იმას, რომ:პუტინმა თავადვე დაიჯერა საკუთარი პროპაგანდის, არ არსებობდა ავიაციასა და სახმელეთო ძალებს შორის ურთიერთქმედება. ასევე, უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის კარგი მუშაობა, რუსი ჯარისაცების დეზინფორმაცია, რომლებიც დაარწმუნეს იმაში, რომ წინააღმდეგობა არ იქნებოდა.
გენერალ–ლეიტენანტი რიჩარდ დანატი დიდი ბრიტანეთის გენერალურ შტაბს 2006-2009 წლბებში ხელმძღვანელობდა. იყო პრემიერ მინისტრ დევიდ კემერონის მრჩეველი 2009–2010 წლებში. გთავაზობთ ძირითად მომენტებს სტატიიდან:
ავიაცია არ დაეხმარა ტანკებს და ფეხოსნებს
ძველი სამხედრო აფორიზმის მიხედვით “ვერცერთი გეგმა ვერ გაუძლებს მტერთან პირველ კონტაქტს“. უკრაინაში რუსეთის შეჭრის გეგმა ჯერ კიდევ მანამდე იყო განწირული, ვიდრე პირველი კონტაქტი შედგებოდა.
ვლადიმერ პუტინმა მეტისმეტად დაიჯერა საკუთარი პროპაგანდის, რომ მისი არმია თანამედროვეა, კარგად აღურვილია, კარგად გაწვრთნილია და ელვისებური დარტყმა უკრაინაზე სწრაფი, წარმატებული და პრაქტიკულად უსისხლო იქნებოდა. რუსული სამხედრო მოქმედებები უკრაინაში სამარცხვინო იყო – სამხედრო პროფესიისთვის ნამდვილი სირცხვილი.
რუსული სამხედრო დანაკარგები 7 000–დან 14000–მდე ფასდება, რაც შეჭრისთვის მობილიზებული ძალების 15 პროცენტია, კიევის ჩრდილოეთით 40 მილზე გაჭიმულმა რუსულმა კოლონამ კი პრაქტიკულად წინ ვერ წაიწია.
გასაკვირი არ არის, რომ რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ საზოგადოების თვალსაწიერიდან გაქრა, “გულის პრობლემების“ მომიზეზებით. და შესაძლოა, რამდენიმე მაღალჩინოსანი ოფიცერიც შიშით ელოდება მორიგ ზარს კრემლიდან.
რუსების წარუმატებლობის საფუძველი თავად კამპანიის გეგმაში იყო, რომელიც შეცდომებით იყო სავსე.
პუტინის შეჭრის თავდაპირველი სტრატეგია– სამმხრივი შეტევა– ბელორუსის საზღვრიდან სამხრეთით კიევისკენ, ყირიმიდან ჩრდილოეთით შეტევა დონბასის მხარეს და მთლიანი შეტევა დასავლეთისკენ მეტისმეტად ამბიციური იყო და დიდ რესურსებს მოითხოვდა.
გარდა ამისა, ხმელეთზე რუსების სწრაფი წინსვლა ჰაერში რუსეთის დომინანტობას უნდა გაემყარებინა, რასაც აქამდე ვერ მიაღწიეს, უკრაინის ტაქტიკურად სწორად გამართული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის გამო.
ვერ მოხდა საჰაერო ოპერაციების სახმელეთო ძალებთან ინტეგრირება. ტანკებს ჭირდებათ ფეხოსნებით და არტილერიით გამაგრება, ასევე ჰაერსაწინააღმდეგო დაცვა.
მაგრამ, მიუხედავად ცნობებისა იმის შესახებ, რომ რუსეთი უკრაინის საზღვრის გასწვრივ შეჭრისთვის რამდენიმე კვირა ემზადებოდა, პირველივე შეტევის დროს სახმელეთო და საჰაერო ძალებს შორის ურთიერთქმედება არ არსებობდა.
ტანკები იოლ სამიზნედ იქცა
რუსეთისთვის სავალალოდ იქცა ის, რომ ცივი ომის დროინდელი ტანკები Т-90 და Т-72 ადვილად ზიანდება ტანკსაწინააღმდეგო იარაღით და ძნელად ექვემდებარება რემონტს.
ამან გამოიწვია ზურგში ქაოსი: ფრონტის ხაზის პირველადი საჭიროების ნივთებით მომარაგების შეფერხება, როგორიც არის საწვავი, წყალი, საბრძოლო მასალა შემტევი ძალის მხარდასაჭერად. ამან კი გამოიწვია კიევის ჩრდილოეთით კოლონაში მომწყვდეულთა კოშმარი, ისევე როგორც ტანკების ჯართად ქცევა.
უკრაინელებს რომ მეტი ავიაცია ყოლოდათ, ეს 40 მილიანი მანქანების კოლონა შესაძლოა 1991 წლის ერაყის ბასრ–როუდის ცნობილ სცენებს დამსგავსებოდა, რომლებიც პარკში პიკნიკს წააგავდა.
რატომ არ გამოიყენეს რუსებმა მათი თანამედროვე ტანკები Т-14 “Armata”? რატომ არ ჩანდნენ ეს მეოთხე თაობის ტანკები ლაზერული დამიზნების რაკეტებით ბრძოლის ველზე, გამოცანად რჩება. შესაძლოა, როგორც ბევრ თანამედროვე მანქანას, მათაც პრობლემა აქვთ ტექნიკურად ბოლომდე დამუშავების თვალსაზრისით.
თუმცა, გეგმა და აღჭურვილობა, ეს მხოლოდ ორია ნაწილია სამხედრო ძლიერების შემადგენელი სამი ელემენტიდან. მესამე და მნიშვნელოვანი – ადამიანიური ფაქტორია.
ფსიქოლოგიური ზეწოლა ჯარისკაცებსა და ოფიცრებზე
ეჭვგარეშეა, რომ რუსულ ქვედანაყოფებს განზრახ მიაწოდეს დეზინფორმაცია, თითქოს ოპერაცია ერთგვარი სამშვიდობო მისია უნდა ყოფილიყო და რუსულ ძალებს უკრაინაში როგორც გამათავისუფლებლებს ისე შეხვდებოდნენ.
სოციალურ ქსელებში გავრცელებული ვიდეორგოლებიდან ჩანდა, რომ როცა რუსი სამხედროები რეალობას შეეჯახნენ და დაინახეს, რომ უკრაინელებს გადაწყვეტილი ქონდათ საკუთარი სამშობლოს დაცვა, ახალგაზრდა რუსი ჯარისკაცები შოკირებული და დემორალიზებულები იყვნენ.
გარდა ამისა, რუსულ არმიაში უმცროსი ოფიცირების და სერჟანტების ძლიერი კორპუსის არარსებობამ გამოიწვია ის, რომ ახალგაზრდა წვევამდელები ქვედა რგოლის ხელმძღვანელობის გარეშე დარჩნენ, რაც წარმატებული არმიების ღერძს წარმოადგენს.
ამან, თავის მხრივ, დამატებითი ზეწოლა გამოიწვია ყველა რანგის ოფიცრებზე და აიძულა ისინი თავად წაეყვანათ წინ საკუთარი ჯარისკაცები, რაზეც მეტყველებს ბრძოლაში 20–მდე პოლკოვნიკის და გენერლის დაღუპვის კარგად დოკუმენტირებული შემთხვევები.
მსხვერპლის ამ გრძელი სიის მიზეზი უდაოდ გახდა უსაფრთხო კავშირის არარსებობაც. მეტისმეტად ბევრი რუსული ქვედანაყოფი იყენებს დაუცველ უკრაინულ მობილური კავშირგაბმულობის ქსელს, რაც კიევისთვის მათი გამოჭერას ამარტივებს და საშუალებას აძლევს ზუსტი შეტევისთვის სამიზნე აირჩიონ.
ამ სისუსტეების გათვალისწინებით უკრაინელებმა ყველაფერი გააკეთეს, რაც რუსებმა ვერ გააკეთეს.
გადარჩენის დაუძლეველი ინსტიქტით მოქმედმა უკრაინულმა არმიამ და სასწრაფო წესით ფორმირებულმა მოხალისეთა რაზმებმა აჩვენეს ისეთი მიზანდასახულობა და ბრძოლისუნარიანობა, რაც ისტორიაში შევა.
უკრაინელებმა წარმატებით გამოიყენეს მათი ძველი ტანკები – Т-64 და Т-72 სხვა მრავალ თანამედროვე ტანკსაწინააღმდეგო და ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებთან ერთად, რომლებიც დასავლეთმა მიაწოდა.
რჩება მთავარი კითხვა: რით დამთავრდება ეს ყველაფერი?
მიუხედავად ამ დრომდე უკრაინელების შედარებითი წარმატებისა, რუსეთის დიდ ბატალიონებს კვლავ შეუძლიათ შედარებით მცირერიცხოვანი მოწინააღმდეგის განადგურება, თუმცა დიდი დანაკარგების ფასად.
მათ არ აქვთ შესაძლებლობა ხმელეთზე ქალაქების ცენტრებში შეიჭრან და მითუმეტეს, კიევში შეჭრა უკვე გამოირიცხა. ამიტომ, რუსები იძულებულნი იქნებიან მტერს შორიახლო მანძილიდან ესროლონ, თითქმის სრულ განადგურებამდე, როგორ ეს მარიუპოლში ხდება.
ამასობაში, პრეზიდენტ ზელენსკის შთამბეჭდავი ლიდერობა და რუსების შეკავების ეფექტურობა დროის მოგების საშუალებას იძლევა მოლაპარაკების მაგიდასთან.