პუტინმა აირჩია ეს ომი, მისი ქვეყანა უარყოფით შედეგებს მიიღებს – აშშ-მ რუსეთს სანქციები გაუმკაცრა

შეერთებულმა შტატებმა, რუსეთს უკრაინაში შეჭრისთვის ახალ სანქციებს უწესებს. ამის შესახებ, აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

დამატებითი სანქციები:

  • შეიზღუდება რუსეთის შესაძლებლობა აწარმოოს ბიზნესი დოლარში, ევროში, ფუნტებში და იენებში, რათა გახდეს მსოფლიო ეკონომიკის ნაწილი.
  • სანქციებს დაუწესდება რუსეთის უმსხვილეს ბანკებს (მათ შორის VTB ბანკს, რომელიც რუსეთში მეორე ყველაზე დიდ ბანკია)
  • სანქციები დაუწესდება კრემლის ელიტას და მათ ოჯახებს
  • რუსეთს აღარ ექნება საშუალება დააფინანსოს და განავითაროს რუსული არმია.
  • შეიზღუდება რუსეთის ჩართულობა 21-ე საუკუნის მაღალი ტექნოლოგიების ეკონომიკაში

ჯო ბაიდენმა თქვა, რომ ისინი ასევე დაბლოკავენ ოთხ მსხვილ ბანკს, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა მათი აქტივი ამერიკაში გაიყინება.

“ამას დრო დაჭირდება, და ჩვენ უნდა გამოვავლინოთ პრინციპულობა, რომ მან იცოდეს რა ელოდება. რათა რუსეთის ხალხმა იცოდეს, რა მოუტანა პუტინმა. საქმე იმაშია, რომ ამას დრო დაჭირდება“–თქვა ბაიდენმა.

ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აღნიშნული სანქციები, აშშ-მ საგანგებოდ შეიმუშავა რათა რუსეთზე გრძელვადიანი გავლენა ჰქონდეს და ამასთანავე ნაკლები გავლენა იქონიოს აშშ-სა და მის მოკავშირეებზე.

“ჩვენ შევუზღუდავთ რუსეთის შესაძლებლობას გააკეთოს ბიზნესი დოლარებში, ევროში, ფუნტებსა და იენებში, რათა იყოს გლობალური ეკონომიკის ნაწილი. ჩვენ დამატებით ვბლოკავთ 4 მსხვილ ბანკს, ეს ნიშნავს, რომ ყველა აქტივი, რაც აშშ-ში აქვთ, გაიყინება. ეს მოიცავს VTB ბანკს, რუსეთში მეორე ყველაზე დიდ ბანკს”, – განაცხადა ბაიდენმა.

,,შეერთებული შტატები ამას მარტო არ აკეთებს“, – აღნიშნა ბაიდენმა და დასძინა, რომ ევროკავშირის 27 წევრი და ,,დიდი შვიდეულის“ წევრები ამ სანქციებში მიიღებენ მონაწილეობას.