პუტინმა დონეცკის ოლქის 15 სექტემბრამდე აღების ბრძანება გასცა– უკრაინის გენშტაბი

უკრაინის გენშტაბის მთავარი ოპერატიული სამმართველოს უფროსის მოადგილემ, ალექსეი გრომოვმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ პუტინმა გასცა ბრძანება 15 სექტემბრამდე დონეცკის ოლქის აღების შესახებ.

“მოწინააღმდეგე ინარჩუნებს ხარკოვის, ლუგანსკის, დონეცკის, ზაპოროჟიეს, ხერსონის და ნიკოლაევის ოლქების ოკუპირებულ რაიონებს, ასევე ცდილობს ხელსაყრელი პირობები შექმნას შეტევის განახლებისთვის. რუსეთის საოკუპაციო ძალები თავისი გეგმების და ქმედებების კორექტირებას ახდენენ პუტინის ბრძანების შესაბამისად, რომლის მიხედვით რუსები 15 სექტემბრამდე დონეცკის ოლქის ადმინისტრაციულ საზღვრებამდე უნდა გავიდნენ“–თქვა გრომოვმა.

უკრაინული გენშტაბის ინფორმაციით რუსეთი გეგმავს 3–ე საარმიო კორპუსის ძალებით განაახლოს შეტევა. ის ცუდად არ არის შეიარაღებული, თუმცა მოხალისეებისგან შედგება, რომლებმაც სულ რამდენიმე კვირიანი მომზადება გაიარეს.

რუსული მედია პუტინის ბრძანების შესახებ ჯერჯერობით არაფერს ამბობს.