ვლადიმერ პუტინმა ტაქტიკური ბირთვული იარაღით სწავლების ჩატარების განკარგულება გასცა. სწავლება უახლოეს მომავალში დაიწყება და მასში მონაწილეობას სამხრეთის სამხედრო ოლქის სარაკეტო ფორმირებები და სამხედრო-საზღვაო ფლოტი მიიღებენ.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ სწავლების ჩატარების მიზეზი “პროვოკაციული განცხადებები და დასავლეთის ოფიციალურ პირთა მუქარებია”, თუმცა არ არის აღნიშნული, კონკრეტულად რა სახის განცხადებებზეა საუბარი.
კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ტაქტიკური ბირთვული იარაღით დაგეგმილი სწავლება დაკავშირებულია საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განცხადებებთან, ასევე დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის წარმომადგენლების “განზრახვასთან, გაგზავნონ სამხედროები უკრაინაში”.
“თუ მეკითხებით, დასავლეთის წარმომადგენლების რომელ განცხადებებზეა საუბარი, თვალნათელია, რომ საუბარია ბატონ მაკრონისა და ბრიტანეთის წარმომადგენლების განცხადებებზე. როგორც იცით, მათ დაემატათ აშშ-ს სენატის წარმომადგენლებიც, თუ არ ვცდები, რომლებიც საუბრობდნენ უკრაინაში შეიარაღებული კონტინგენტების მზაობაზე და ზრახვაზეც კი”. – თქვა პესკოვმა.