რუსეთის პრეზიდენტმა შეიძლება ბირთვული იარაღით მუქარა გამოიყენოს უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევის შესაკავებლად დროებით ოკუპირებულ ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქებზე.
ასეთი ვერსია აქვთ ამერიკის ომის კვლევის ინსტიტუტის (ISW) ანალიტიკოსებს.
“ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიის შემდეგ პუტინმა შეიძლება პირდაპირ ან ირიბად განაცხადოს, რომ რუსული დოქტრინა, რომელიც ბირთვული იარაღის გამოყენების უფლებას იძლევა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიის დასაცავად, ახლადშეერთებულ ტერიტორიებზეც ვრცელდება.“
ექსპერტების აზრით, კრემლის ლიდერის ასეთი ქმედებები უკრაინას და მის პარტნიორებს ბირთვული შეტევის საფრთხეს უქმნის, თუ უკრაინის კონტრშეტევა რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების გასათავისუფლებლად წარმატებით გაგრძელდება.
“პუტინი შეიძლება ვარაუდობდეს, რომ ბირთვული იარაღით მუქარა ან მისი გამოყენება რუსეთის უკრაინის შეტევის შეკავებაში დაეხმარება. ასეთ შემთხვევაში, უკრაინას და მის დასავლელ პარტნიორებს ძალიან ცოტა დრო რჩებათ იმისთვის, რომ მანამდე მოასწრონ კონტრშეტევის განხორციელება, სანამ კრემლი ოკუპირებული ტერიტორიების ანექსირებას მოახდენს“– ამბობენ ანალიტიკოსები.