რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინის ფრონტის მთელ ხაზზე 6-7 იანვარს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ბრძანება გასცა.
პუტინმა რუსეთის თავდაცვის მინისტრს სერგეი შოიგუს დაავალა, შემოიღოს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი უკრაინაში მხარეებს შორის 6 იანვრის 12:00 საათიდან 7 იანვრის 24:00 საათამდე, იუწყება რია ნოვოსტი კრემლზე დაყრდნობით.
ამ პერიოდში ზავის გამოცხადების მოწოდებით რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მეთაური, პატრიარქი კირილი გამოვიდა.
რუსეთის პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, სწორედ ამ მოწოდებას გამოეხმაურა პუტინი. გარდა ამისა, მან ცეცხლის შეწყვეტისკენ და უკრაინელებსაც მოუწოდა.
”იქიდან გამომდინარე, რომ საბრძოლო ზონებში მართლმადიდებლობის აღმსარებელი მოქალაქეების დიდი რაოდენობა ცხოვრობს, მოვუწოდებთ უკრაინულ მხარეს გამოაცხადოს ცეცხლის შეწყვეტა და მისცეს მათ შესაძლებლობა დაესწრონ ღვთისმსახურებას შობის ღამეს, ისევე როგორც შობის დღეს” – ციტირებს ვლადიმერ პუტინს მისი პრესსამსახური.