პუტინმა ყველაზე ხანგრძლივი იზოლაცია დაარღვია. უცნობი ჯარისკაცის საფლავზე ის მარტო მივიდა

რუსეთის პრეზიდენტმა ხელისუფლებაში ყოფნის მანიძლზე ყველაზე ხანგრძლივი პაუზა დაარღვია და საჯაროდ გამოვიდა. ის მინიმუმ 32 დღის განმავლობაში არ გამოსულა შენობის მიღმა. პუტინმა გამარჯვების დღის აღსანიშნავად უცნობი ჯარისკაცის საფლავზე ყვავილები დადო და რუსეთის მოქალაქეებს სიტყვით მიმართა.

გასულ წლებში უცნობი ჯარისკაცის საფლავის ყვავილებით შემკობისას გვირგვინი საპატიო ყარაულის ჯარისკაცებს მიქონდათ, პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლები, მთავრობის წევრები, სახელმწიფო დუმის და ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარეები კი პუტინს უკან მიყვებოდნენხოლმე. ამჯერად ალექსანდროვის ბაღში პუტინთან ერთად იყო მხოლოდ საპატიო ყარაული და პირადი ფოტოგრაფი.

მარადიულ ცეცხლთან ქედის მოხრის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტი პატარა ტრიბუნასთან მივიდა და მოკლე სიტყვა წარმოთქვა:

“გამარჯვების დღის სულიერი და მორალური მნიშვნელობა უცვლელი და დიადია, ჩვენი მისდამი დამოკიდებულება კი წმინდა. ეს ჩვენი ხსოვნა და სიამაყეა, ჩვენი ქვეყნის ისტორია, ყოველი ოჯახის ისტორია, ჩვენი სულის ნაწილი, რომელიც ჩვენმა მამებმა, დედებმა, ბებიებმა და ბაბუებმა გადმოგვცეს. “– თქვა პუტინმა. მას ერთი სიტყვაც არ უთქვამს იმის შესახებ, რატომ არ შედგა ფაშიზმზე გამარჯვების 75 წლისთავის საზეიმო აღნიშვნა, მათ შორის წითელ მოედანზე აღლუმი, თუმცა მან თქვა, რომ ზეიმი კიდევ იქნება.

სიტყვის  დასრულების შემდეგ პუტინმა წუთიერი დუმილი გამოაცხადა, შემდეგ კი საპატიო ყარაულმა პრეზიდენტის წინ საზეიმო მარშით ჩაიარა.

ამის შემდეგ რუსულმა ტელეარხებმა ტრანსლიაციაში ომის წლების კინოქრონიკა ჩართეს, პუტინმა კი მიხაკებით შეამკო ალექსანდროვის ბაღში გმირი ქალაქების აღმნიშვნელი 13 კვარცხლბეკი. ყვავილების პატარა თაიგულებს ის სათითაოდ ჩამწკრივებული საპატიო ყარაულის ჯარისკაცებისგან სათითაოდ იღებდა. ეს მომენტი რუსულ ტელევიზიებს არ უჩვენებიათ.

ამის შემდეგ რუსეთის ფედერალურმა არხებმა წითელი მოედნიდან ტრანსლიაცია ჩართეს, სადაც საავიაციო აღლუმი მიმდინარეობდა. ის ზუსტად 5 წუთს გაგრძელდა 75 თვითმფრინავის და ვერტმფრენის მონაწილეობით, 75 წლისთავის აღსანიშნავად.

შუადღეს რუსეთის პრეზიდენტი კრემლის წინ ტაძრის მოედანზე გავიდა და საპრეზიდენტო პოლკის სამხედროებს ზეიმი მიულოცა. პუტინს პოლკის მეთაური მიესალმა.

9 მაისის წინა დღეებში წითელ და მანეჟის მოედნებთან მისასვლელი მთლიანად გადაკეტეს. ალექსანდროვის ბაღში შესასვლელი პარასკევს ჩაიკეტა და ტერიტორიის დეზინფექცია დაიწყო.

პრეზიდენტის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით უსაფრთხოების ყველა ზომა პუტინის სტუმრობისთვის დაცული იყო.

დასავლური მედია ხაზს უსვამს, რომ მმართველობის მთელი პერიოდის მანძილზე პუტინს ამდენი დღე  საჯარო გამოსვლის გარეშე არასოდეს არ გაუტარებია. პრეზიდენტის თვითიზოლაცია მინიმუმ 32 დღე გრძელდებოდა, თუ   ვიცე პრემიერ იური ტრუტნევთან კრემლში გამართული შეხვედრიდან ავითვლით, რომლის შესახებ კრემლის ოფიციალური საიტი იუწყებოდა.

საერთოდ კი, ფართო საზოგადოებაში პუტინის გამოჩენის შემდეგ რეალურად 43 დღე გავიდა. ბოლო გამოჩენა ოგარევოში 26 მარტს შემდგარი მეწარმეებთან შეხვედრა იყო. მას შემდეგ როგორც ინფორმირებული წყაროები ამბობენ, პრეზიდენტის კონტაქტები მხოლოდ უახლოესი გარემოცვით შემოიფარგლებოდა.

კარანტინის დაწყების მომენტიდან პუტინი ყოველკვირეულად ატარებს თათბირებს მთავრობასთან და შტაბთან, ასევე გამოდის ვიდეომიმართვებით ხელისუფლების კორონავირუსთან ბრძოლისა და ქვეყნის ეკონომიკისთვის ეპიდემიის შედეგების შესახებ.

რამდენჯერმე მან პირდაპირ მიმართა რუსებს, სხვა შემთხვევებში კი რუსული ტელეარხები ტრანსლირებდნენ პრეზიდენტის ურთიერთობას მთავრობის ჩინოვნიკებთან და რეგიონების ხელმძღვანელებთან.