პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას ქერჩის სრუტეში უსაფრთხოების ზომების გაძლიერების შესახებ

რუსეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ბრძანებას ქერჩის სრუტეში სატრანსპორტო გადასასვლელის,  ელექტროქსელური ენერგოხიდის და მაგისტრალური გაზსადენის დაცვის ზომების გაძლიერების შესახებ.

გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ დაცვის ზომების ორგანიზებასა და კოორდინაციას უსაფრთხოების ფედერალური სამსახური განახორციელებს.

დილანდელი აფეთქების შემდეგ ქერჩის ხიდზე მოძრაობა ნაწლობრივ აღდგენილია. ნებადართულია მსუბუქი ავტომობილების გადაადგილება, თუმცა სატვირთო მანქანები და ავტობუსები ქერჩის საბორნე გადასასვლელს გამოიყენებენ, რომელიც უფასოდ იმუშავებს. ყირიმსა და კრასნოდარის მხარეს შორის მგზავრთა გადასაყვანად 100 ადამიანის ტევადობის ბორნებს გაუშვებენ. რუსეთის ტრანსპორტის მინისტრის თქმით, რამდენიმე დღეში გაირკვევა, მიეცმათ თუ არა მათ ხიდით სარგებლობის უფლება.

ხიდზე აღდგენილია სარკინიგზო მოძრაობა.