მიუხედავად რუსეთის ხელისუფლების მცდელობისა შეინარჩუნოს კონტროლი საინფორმაციო ველზე, ომი უფრო და უფრო ხელშესახები ხდება მრავალი რუსისთვის და რუსეთტს მოსახლეობაში ე.წ. „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მხარდაჭერის მნიშვნელოვანი შემცირება ფიქსირდება.
სწორედ ამიტომ, მომავალში, მნიშვნელოვანი წარმატების არარსებობის გამო, რუსეთის ხელისუფლებისთვის სულ უფრო რთული იქნება რუსებისგან თანხმობის მიღება ომის გახანგრძლივებაზე– წერს გაერთიანებული სამეფოს დაზვერვა ბოლო მიმოხილვაში.
ბრიტანული დაზვერვა გულისხმობს რუსული გამოცემა Meduza-ს მიერ გამოქვეყნებული დახურული გამოკითხვის შედეგებს, რომლის მიხედვითაც რუსების 55% უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებების მომხრეა, ხოლო მხოლოდ 25% უჭერს მხარს კონფლიქტის გაგრძელებას.
დაზვერვამ აღნიშნა, რომ ეს მონაცემები შეესაბამება ოქტომბრის ანალოგიურ დამოუკიდებელ გამოკითხვას, რომელშიც რუსეთის ფედერაციაში გამოკითხულთა 57% იყო მოლაპარაკებების მომხრე. არადა, 2022 წლის აპრილში რუსების დაახლოებით 80%-მა განაცხადა, რომ მხარს უჭერდა უკრაინაში ომს.
„მიუხედავად რუსეთის ხელისუფლების ძალისხმევისა, უზრუნველყოს საინფორმაციო გარემოზე ფართო კონტროლი, კონფლიქტი მრავალი რუსისთვის სულ უფრო ხელშესახები გახდა 2022 წლის სექტემბერში „ნაწილობრივი მობილიზაციის“ შემდეგ“, – განმარტა ბრიტანულმა დაზვერვამ.
იმის გამო, რომ უახლოეს რამდენიმე თვეში ნაკლებად სავარაუდოა, რუსეთის მიღწევები ბრძოლის ველზე , კრემლს, სავარაუდოდ, გაუჭირდება მოსახლეობაში ომის მხარდაჭერის შენარჩუნება– წერია ბრიტანული დაზვერვის ანგარიშში.