ჟანგდება „დიდგორები”, რა გახდა გაგზავნა? უამრავი უკრაინელის სიცოცხლეს გადაარჩენდა – უკრაინაში მებრძოლი ქართველი

უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარეს მებრძოლი ქართველი, რატი ბურდული Girchi TV-ში საუბრისას აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობას შეუძლია თურქეთის დახმარებით უკრაინელებს ქართული ჯავშანმანქანები “დიდგორები” მიაწოდონ, რომლებიც ძალიან გამოსადეგია ქალაქებში, მედევაკუაციის მხრივ.

“სირცხვილია, ერთ ნავში ვართ და ჩვენ გარდა ყველა ეხმარება უკრაინას სამხედრო მხრივ. ჟანგდება დიდგორები საწყობებში. 2 ცალი რა გახდა რო დადო და გააგზავნო. იდეალური მანქანაა გაუშვი თურქეთში და თურქები ჩაიყვანენ ადგილზე. სიმბოლურად დაახვიონ წითელი ბაფთა ორ ცალ დიდგორს რომელსაც არ ამუშავებ და ვერ იყენებ და გაუშვი აჩუქე. მე ვარ პასუხისმგებელი რომ მედევაკუაციისთვის იდეალური მანქანაა და უამრავ უკრაინელის სიცოცხლეს გადაარჩენდა. როგორც საბრძოლო მანქანა მაინცდამაინც ვერ ამართლებს განსაკუთრებით რთულ რელიეფზე, მაგრამ მედევაკუაციისთვის ქალაქებში არის იდეალური. ძალიან გამოგვადგებოდა იქ რომ გვქონდეს. ელემენტარულად ძალიან დიდი მესიჯი იქნებოდა სახელმწიფოსგან, დაგვიანებული იქნებოდა მაგრამ სჯობს გვიან ვიდრე არასდროს.” – განაცხადა რატი ბურდულმა.

მრავალფუნქციური დაჯავშნული სამხედრო-სატრანსპორტო საშუალება. განკუთვნილია ბრძოლის ველზე პირადი შემადგენლობის გადასაყვანად და სადაზვერვო ოპერაციების ჩასატარებლად. ჯავშანი უზრუნველყოფს დაცვას 7,62X54 მმ კალიბრის ჯავშანგამტანი ტყვიებისგან.
მანქანას გააჩნია 3 ფენიანი  სენდვიჩის ტიპის დაჯავშნული ფსკერი. შუა ფენა ნაღმის აფეთქებისას წარმოქმნილ დარტყმით ტალღას შთანთქავს, დანარჩენი ორი კი ეკიპაჟს ნამსხვრევებისგან იცავს.
მანქანას გააჩნია მოდულური კონსტრუქცია, რაც საშუალებას იძლევა მის ბაზაზე შეიქმნას ათეულობით სხვადასხვა მოდიფიკაციის და სხვადასხვა შეიარაღების მატარებელი საბრძოლო მანქანა.