სახალხო დამცველი, დღეს, მედიის წარმომადგენლებისათვის პროფესიული საქმიანობის ხელშეშლის ფაქტებს ეხმიანება. მთელი დღის განმავლობაში ომბუდსმენი კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში აქტიურად ადევნებდა თვალს საპარლამენტო არჩევნების მიმდინარეობას.
“საქართველოს სახალხო დამცველი გმობს ჟურნალისტებისათვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებსა და მათ მიმართ ძალადობრივ ქმედებებს. სახალხო დამცველი განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი აწესებს მაღალ სტანდარტს ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობასთან მიმართებით. ამდენად, საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს ჟურნალისტების წინააღმდეგ განხორციელებულ თითოეულ ინციდენტთან დაკავშირებით დაიწყონ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების, ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელშეშლის საფუძველზე და მიიღონ შესაბამისი ზომები ინციდენტში მონაწილე ყველა პირის დადგენისა და მათ მიმართ კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარების მიზნით. გარდა ამისა, მსგავსი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად, მნიშვნელოვანია საარჩევნო უბნებთან სამართალდამცავებმა ეფექტურად უზრუნველყონ მედიის წარმომადგენლებისათვის პროფესიული საქმიანობის დაუბრკოლებლად განხორციელება,”- აცხადებს სახალხო დამცველი.