“რა ვირუსი?“–ჩრდილოეთ ოსეთის ადმინისტრაციასთან კარანტინის წინააღმდეგ აქცია გაიმართა

ასობით ადამიანი შეიკრიბა ვლადიკავკაზის ცენტრში ჩრდილოეთ ოსეთის ადმინისტრაციის შენობასთან ხელისუფლების მიერ შემოღებული კარანტინის წინააღმდეგ. საპროტესტო აქციის მონაწილეები საშინაო იზოლაციის რეჟიმის გაუქმებას და მოქალაქეებისთვის პანდემიასთან დაკავშირებული სიტუაციის განმარტებას მოითხოვდნენ.

ისინი აცხადებდნენ, რომ კორონავირუსის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას არ ენდობიან.

“როშალი გამოვიდა, ლუკაშენკო გამოვიდა, მალიშევა გამოდის, რომ ეს ვირუსი არ არის და რომ ამით არ კვდეიან. ჩვენ კიდევ ჩაგვკეტეს! რა ვირუსი?“– ამბობს აქციის მონაწილე ქალი.

აქციის მონაწილეებთან რეგიონალური მთავრობის წარმომადგენლები და რესპუბლიკის მეთაური, ვიაჩესლავ ბიტაროვი გამოვიდნენ. მათ ხალხს დაშლისკენ მოუწოდეს, სახლებში წასვლა ურჩიეს და იზოლაციის საერთაშორისო პრაქტიკა შეახსენეს. საბოლოოდ ჩრდილოეთ ოსეთის ადმინისტრაციის მეთაური უმუშევრად დარჩენილებს სოციალურ დახმარებას დაპირდა.

აქციის დასაწყისიდანვე ვლადიკავკაზის ცენტრში პოლიციის და როსგვარდიის გაძლიერებული მობილიზაცია იყო. მათ საღამოს დემონსტრანტები დაარბიეს. რამდენიმე ათეული ადამიანი კი დააპატიმრეს.