კორონავირუსის ახალი შტამის სწრაფმა გავრცელებამ ლონდონში და ინგლისის სამხრეთ–აღმოსავლეთში უმკაცრესი ლოკდაუნი გამოიწვია, გაუქმდა საშობაოდ შეზღუდვების შემსუბუქების გადაწყვეტილება ინგლისის, შოტლანდიის და უელსის მაცხოვრებლებისთვის. მთელმა რიგმა ქვეყნებმა კი დიდ ბრიტანეთთან ავიამიმოსვლა აკრძალეს.
როგორ მოხდა რამდენიმე თვეში ვირუსის იმგვარი მუტაცია, რომ ხელისუფლებას საგანგებო ზომების მიღება აიძულა?
სამეცნიერო საბჭო, რომელიც ბრიტანეთის ხელისუფლებას უწევს კონსულტაციას დიდი ალბათობით ვარაუდობს, რომ ახალი შტამი ადამიანიდან ადამიანს უფრო სწრაფად გადაედება, ვიდრე ძველი.
ჯერჯერობით ბევრი რამ გაურკვეველია, რადგან ახალი შტამი ნაკლებად არის შესწავლილი.
ცნობილია, რომ ვირუსი მუდმივად მუტირებს და ამიტომაც მნიშვნელოვანია მუდმივი მეთვალყურეობა, როგორ იქცევა ის.
მეცნიერების შეშფოთებას ახალ შტამთან დაკავშირებით სამი ფაქტორი იწვევს:
- ის სწრაფად ავიწროებს ამ ვირუსის სხვა შტამებს და მათ ადგილს იკავებს.
- მუტაცია ვირუსის ისეთ ნაწილებში ხდება, რომლებსაც განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს.
- ამ მუტაციებიდან ზოგიერთმა ლაბორატორიულ პირობებში უკვე აჩვენა ვირუსის უჯრედებში შეღწევის გაძლიერებული უნარი.
ეს ყველაფერი ერთობლიობაში კი ნიშნავს, რომ ვირუსს შეუძლია უფრო სწრაფად გავრცელდეს . თუმცა ჯერჯერობით საბოლოოდ დადასტურებული ინფორმაცია ამის შესახებ არ არსებობს.
რამდენად სწრაფად ვრცელდება ახალი შტამი?
პირველად ახალი შტამი სექტემბერში გამოვლინდა. უკვე ნოემბერში ლონდონში დაინფიცირების 25 % სწორედ კორონავირუსის ამ ახალ ვარიანტზე მოდიოდა. დეკემბრის შუა რიცხვებში კი ეს მაჩვენებელი უკვე 65%–მდე გაიზარდა.
ტესტების შედეგების მაგალითზე, აშკარაა, რომ ლაბორატორიულ ანალიზებში სწორედ ეს შტამი დომინირებს.
მათემატიკოსები ცდილობენ კორონავირუსის სხვა შტამების ქცევა გათვალონ, რათა დაადგინონ, რამდენად აგრესიული შეიძლება იყოს ახალი შტამი. თუმცა, გასათვალისწინებელია არა მხოლოდ თავად ვირუსის ქცევა, არამედ ისიც, როგორ მოიქცევიან ადამიანები.
პრემიერმა ბორის ჯონსონმა თქვა, რომ ახალი შტამი შეიძლება 70%–ით უფრო გადამდები იყოს, სწორედ ამიტომ 0.4–ჯერ შეიძლება გაიზარდოს რეპროდუქციის ინდექსი, რომელიც აჩვენებს, იზრდება დაინფიცირებულთა რაოდენობა თუ გარდაცვლილთა რაოდენობა.
ჯერჯერობით არ არსებობს არავითარი განსაზღვრული ციფრი, რომელიც ზუსტად გვიჩვენებდა, რამდენად უფრო გადამდებია ეს ახალი შტამი.
ექსპერტები ამბობენ რომ ის მონაცემები, რომლებიც ღიად არის ხელმისაწვდომი არასაკმარისია მკაფიო და უპირობო დასკვნის გასაკეთებლად, რომ ვირუსი ბევრად უფრო გადამდებია.
რამდენად ფართოდ არის გავრცელებული ახალი შტამი?
დღეისათვის ვარაუდობენ, რომ ახალი შტამი ან ბრიტანელ პაციენტს განუვითარდა, ან სხვა ქვეყნიდან შემოვიდა, სადაც კორონავირუსის მუტაციებს დიდად არ აკვირებიან.
ახალი შტამი ამჟამად გაერთიანებული სამეფოს თითქმის მთელ ტერიტორიაზეა აღმოჩენილი გარდა ჩრდილოეთ ირლანდიისა. განსაკუთრებით კონცენტრირებული კი ლოდონსა და ინგლისის სამხრეთ აღმოსავლეთ საგრაფოებშია. სხვა რაიონებში ჯერჯერობით ფეხი ვერ მოიკიდა.
საერთაშორისო პროექტს Nextstrain–ის მონაცემები, რომელიც მთელი მსოფლიოს ვირუსის ნიმუშების გენეტიკურ კოდებს აკვირდება, გვაძლევს ვარაუდის საფუძველს, რომ დანიაში, ჰოლანდიაში და ავსტრალიაში აღმოჩენილი ახალი შტამი წარმოშობით დიდი ბრიტანეთიდან არის. მსგავსი ვარიანტი აღმოჩენილია სამხრეთ აფრიკაშიც, თუმცა ის ბრიტანულთან კავშირში არ არის.
საიდან მოვიდა ახალი შტამი?
ამ შტამმა ბევრი მუტაცია განიცადა. დიდი ალბათობით ის დასუსტებული იმუნური სისტემის მქონე პაციენტს ჩამოუყალიბდა, რომელმაც ამ ვირუსის დაძლევა ვერ შეძლო. ამის ნაცვლად ამ ადამიანის ორგანიზმი ერთგვარ ხელსაყრელ გარემოდ იქცა კორონავირუსის მუტაციისთვის.
გახდა თუ არა კოვიდი უფრო მომაკვდინებელი?
ჯერჯერობით არ არსებობოს არანაირი მტკიცებულება, რომ ასეა. სიტუაცია მუდმივ კონტროლს საჭიროებს.
თუმცა თავად ის ფაქტი, რომ დაინფიცირებულთა რაოდენობა სწრაფად იზრდება საავადმყოფოებში უფრო მეტ პრობლემებს ქმნის.
თუ ახალი ვარიანტი უფრო სწრაფად გავრცელდება, სტაციონარში მკურნალობა სულ უფრო მეტ პაციენტს დაჭირდება.
იქნება თუ არა ვაქცინები ეფექტური ახალი შტამისთვის?
პრაქტიკულად დაზუსტებით შეიძლება ითქვას, რომ დიახ. ყოველ შემთხვევაში ახლო მომავალში.
მსოფლიოს ამ დროისთვის უკვე შექმნილი სამივე წამყვანი ვაქცინა კორონავირუსის სპაიკ–ცილაზე ორგანიზმის იმუნურ პასუხს იწვევენ. ისინი იმუნურ სისტემას ვირუსის სხვადასხვა შემადგენლებზე შეტევისთვის ამზადებენ, ეს კი ნიშნავს, რომ თუნდაც ვირუსის სპაიკის ნაწილი მუტირებული იყოს, ვაქცინები კვლავ ეფექტურად იმოქმედებს.
თუმცა, მეცნიერები ამბობენ, რომ თუ მუტაციების ჯაჭვი კვლავ გაგრძელდა, მაშინ შესაძლოა ნერვიულობის საფუძველი გვქონდეს, რადგან კორონავირუსი პოტენციურად იმგვარად არის მოწყობილი, რომ გვერდი აუაროს დაცვით სისტემას, რომელსაც ვაქცინა ქმნის და ამისკენ რამდენიმე ნაბიჯი უკვე გადადგა.
არ არის გამორიცხული, ვირუსმა იმგვარად განიცადოს მუტაცია, რომ ვაქცინა უძლური აღმოჩნდეს. სწორედ ეს იწვევს სპეციალისტების შეშფოთებას.
“როგორც ახალი შტამი გვიჩვენებს მას შეუძლია ადაპტირება, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი დააინფიციროს. ეს ვირუსი, როგორც ჩანს კიდევ ბევრ მუტანტს შობს, რომლებსაც ვაქცინა ვერ დაამარცხებს. მაშინ ისეთივე სიტუაციაში აღმოვჩნდებით, როგორც გრიპის შემთხვევაში, როცა ვაქცინის განახლება რეგულარულად გვიწევს“– ამბობს გლაზგოს უნივერსიტეტის პროფესორი დევიდ რობერტსონი.
საბედნიეროდ დღეისათვის შექმნილი კორონავირუსის ვაქცინები ადვილად ექვემდებარება განახლებას.