Reuter-მა გაარკვია, თუ რა იარაღის მიწოდება შეუძლია ჩრდილოეთ კორეას რუსეთისთვის. ჩრდილოეთ კორეამ შესაძლოა რუსეთს მიაწოდოს 107 მმ-იანი კატიუშას რაკეტები, 122 მმ-იანი სარაკეტო დანადგარები, 155 მმ ან 122 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები ან სხვა საბრძოლო მასალა მცირე იარაღის, ტყვიამფრქვევის ან ავტომატური შაშხანისთვის.
ამის შესახებ სააგენტო Reuters ექსპერტებზე დაყრდნობით იუწყება.
გაეროს ექსპერტთა ჯგუფის ყოფილი კოორდინატორის, სანქციების საკითხებში დამოუკიდებელი კონსულტანტის ჰიუ გრიფიტსის თქმით, ჩრდილოეთ კორეას აქვს საბჭოთა პერიოდის არტილერიისა და რაკეტების უზარმაზარი მარაგი, რომელიც დათარიღებულია 1950-იანი წლებით. მისი თქმით, ეს არის მსგავსი ტიპისა და კალიბრის საკმაოდ პრიმიტიული საარტილერიო და სარაკეტო სისტემების ჭურვები, რომლითაც რუსები უკრაინის ქალაქებს ბომბავდნენ.
როგორც ტეხასის ანჯელოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ბრიუს ბეჩტოლმა დასძინა, „ყველაფერი, რასაც ჩრდილოეთ კორეა აწარმოებს, ძირითადად, ძველი საბჭოთა სისტემების ასლია“. მას მიაჩნია, რომ, სავარაუდოდ, კორეელები იარაღს უგზავნიან რუსეთის ფედერაციას არა ზღვით, არამედ სარკინიგზო გზით, საერთო საზღვრის გავლით.
აქვე შეგახსენებთ, 6 სექტემბერს, New York Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთი ჩრდილოეთ კორეისგან ყიდულობს საარტილერიო ჭურვებს და რაკეტებს.ერთ-ერთმა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა NYT-ს უთხრა, რომ შეიარაღების შეძენაზე ფხენიანთან შეთახმება მოსკოვის სასოწარკვეთილების ნიშანია.