მთავრობამ დღეს კორონავირუსის ვაქცინაციის დანერგვის ეროვნული გეგმა დაამტკიცა. ის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ წარადგინა.
მან დაასახელა თანმიმდევრობა და ჯგუფები, ვინც ვაქცინაციას პირველ ეტაპზე გაივლიან.
მისი განმარტებით:
- “პირველი ყველაზე მაღალი რისკის სამიზნე ჯგუფი არის ჯანდაცვის სექტორის მუშაკები, სამიზნე მოსახლეობა ჯამურად ამ ჯგუფის არის 71 ათასი, მოცვის მაჩვენებლი 65%. ჩვენი მიზანი იქნება 46 ათასი ჯანდაცვის მუშაკი აიცრას პირველივე ეტაპზე ძალიან მალე და ეს იქნება მაღალი ალბათობით ამ წლის პირველი კვარტალი. როგორც კი მივიღებთ ვაქცინებს და უკვე ველოდებით, რომ ვაქცინებს მივიღებთ პირველივე კვარტალში, დაიწყება ვაქცინაცია ჯანდაცვის სფეროს მუშაკებისთვის.
- ამას შემდეგ მოყვება ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებების ბენეფიციარები და პერსონალი – ხანდაზმულთა სახლები, პანსიონატები, ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრები. ეს სამიზნე ჯგუფი დიდი არ არის, სულ 2600-ია მოსახლეობის რაოდენობა და 60%-იან მოცვაზეა განსაზღვრული.
- ამას შემდეგ მოჰყვება ასაკობრივი ჯგუფები, 75 წელს ზემოთ პირები, 65-დან 74 წლამდე პირები. ესენი არიან ყველა პირველი ჯგუფის ბენეფიციარები. ასევე ესენციური, ანუ ძირითადი სერვისების მიმწოდებლები, საუბარია სტრატეგიული მნიშვნელობის სერვისებზე, რომელთა შეუფერხებელი ფუნქციონირება კრიტიკულად მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, მათ შორის, პოლიცია, ჯარი და სხვა სტრატეგიული სერვისები. მიმწოდებლების რაოდენობა აქ 180 ათასია და სამიზნე მოცვა დაახლოებით 108 ათასია.
- ამის შემდეგ მოდის, ნაკლებად რისკის მქონე ჯგუფები 55-დან 64 წლის ფარგლებში.
- რაც შეეხება უფრო ახალგაზრდა პირებს, აქ გამოყოფილია ქრონიკული დაავადებების ჩამონათვალი, რომელიც იქნება ჩვენება ვაქცინაციისთვის. ჩამონათვალი ძალიან ამომწურავი და ყოვლისმომცველია. ყველა ის ქრონიკული მდგომარეობაა გათვალისწინებული, რაც შესაძლოა რისკ ფაქტორი გახდეს სამომავლოდ თუ პაციენტს შეხვდება კორონავირუსი.
მისივე თქმით, ჯამურად ეს ჯგუფები 830 ათას ადამიანს შეადგენს.
მისი თქმით, წლის ბოლომდე 1 მილიონ 700 ათასამდე ადამიანი უნდა აიცრას, რათა შესაფერის იმუნურ დაფარვას მივაღწიოთ.