პარლამენტმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები მეორე მოსმენით მიიღო. ცვლილებების მიხედვით, მკაცრდება სანქციები წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის მოთხოვნის დაუმორჩილებლობისათვის და იზრდება ადმინისტრაციული პატიმრობის ვადები.
იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის თქმით, ცვლილებები კომპრომისულია და ოპოზიციის შენიშვნებს ითვალისწინებს.
რა იცვლება კანონპროექტის მიხედვით:
- 166-ე მუხლის დარღვევისთვის ჯარიმა ამჟამად 500-დან 1000-ლარამდეა, ცვლილებების მესამე მოსმენით მიღების შემთხვევაში კი ის 1500-დან 2000 ლარამდე განისაზღვრება. პატიმრობის მაქსიმალურ ვადად კვლავ 15 დღე რჩება, თუმცა წესდება მინიმალური ვადა – 5 დღე.
- 173-ე მუხლით სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა პირველ ჯერზე დაისჯება 2000-დან 3000-მდე ლარამდე ჯარიმით ან 15 დღემდე პატიმრობით. განმეორებითი სამართალდარღვევა 3500-დან 4500 ლარამდე ჯარიმას ან 7-დან 15 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობას ითვალისწინებს.
- ამჟამად მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, 247-ე მუხლით, „ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენის ადმინისტრაციული დაკავების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 12 საათს”. ცვლილებების მიხედვით, ვადა 12-დან 24 საათამდე იზრდება.
აქტივისტები, ოპოზიციური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ აღნიშნული ცვლილებები გამოხატვის თავისუფლებას ზღუდავს და კოდექსს უფრო რეპრესიულს ხდის.