რა უნდა გაკეთდეს კრიზისის პერიოდში -5 რეკომენდაცია ბიზნესგაერთიანებებისგან ხელისუფლებას

საქართველოში მოქმედი ხუთი ბიზნესგაერთიანება: საქართველოს მწარმოებელთა ფედერაცია, საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაცია, საქართველოს გადასახადის გადამხდელთა კავშირი, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია და ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭო, მთავრობას საკუთარ გაერთიანებებში გაწევრიანებული კომპანიების სახელით მიმართავს და მას იმგვარი ნაბიჯების გადადგმას მოუწოდებს.

“მივესალმებით მთავრობის მიერ ქვეყნის ეკონომიკური კრიზისიდან გამოყვანის გეგმის დაანონსებას. თუმცა, გამომდინარე იმ მოცემულობიდან, რომ გლობალურად მთელი მსოფლიო და მათ შორის, ჩვენი ქვეყანა იმყოფება ურთულეს ვითარებაში და შეუძლებელია ეკონომიკური პროცესის პროგნოზირება და კრიზისის დასრულების ვადების განსაზღვრა.

საქართველოს მთავრობის მხრიდან უნდა გადაიდგას თამამი, კონკრეტული და ეფექტური ნაბიჯები იმისათვის, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ ქვეყნის ეკონომიკა არ აღმოჩნდეს კატასტროფის წინაშე.დღეს სწრაფი და კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღების დროა, ყოველი დღე ახალი გამოწვევების წინაშე გვაყენებს.

 

შესაბამისად, გრძელვადიანი გეგმური მოქმედებების გაწერასთან ერთად, აუცილებელია ყოველდღიურ გამოწვევებზე მყისიერი და ხისტი პასუხები. აქ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ კომპანიებს შეუნარჩუნდეს ის აუცილებელი რესურსი, რომელიც საშუალებას მისცემს მათ არ გამოეთიშონ ეკონომიკურ პროცესს.ეპიდემიის მასშტაბების შემცირებასთან ერთად კი, დროთა განმავლობაში, სრულად აღიდგინონ სტაბილური ფუნქციონირების რეჟიმი და შესაბამისად, საქართველოს ეკონიმიკაც სწრაფად დაუბრუნდეს საწყის მყარ პოზიციებს.ზემოთქმულიდან გამომდინარე, წარმოგიდგენთ კრიზისის პერიოდში მთავრობის მიერსასწრაფოდ გადასადგმელ აუცილებელ კონკრეტული ნაბიჯების ჩამონათვალს.რეკომენდაციები ჩამოყალიბდა ჩვენს გაერთიანებებში შემავალ კომპანიებთან კონსულტაციების შედეგად.

ეჭვგარეშეა, რომ მათ, კონკრეტული დარგების წარმომადგენლებმა, დღეს ყველაზე კარგად იციან ბიზნესის ფუნქციონირების სხვადასხვა საფეხურზე, მათ შორის საბაჟო და საგადასახადო კანონმდებლობის საფინანსო ვალდებულებების (ბიუჯეტისა და საკრედიტო ინსტიტუტების მიმართ) თუ უშუალოდ საოპერაციო პროცესში ჩართულობის კუთხით, რა გადაუდებელი ღონისძიებების გატარებაა საჭირო, რომ არ მოხდეს შემდგომ პერიოდში სუტუაციის მკვეთრად დამძიმება.

 

რეკომენდაციები

 

  • სასწრაფოდ გაუქმდეს ტვირთების განბაჟების დროს ე.წ. ყვითელი დერეფანი, როგორც დამამუხრუჭებელი და არაპროგნოზირებადი მექანიზმი, უაღრესად ხელის შემშლელი ბიზნესისათვის ფულადი საბრუნავი საშუალებების შესანარჩუნებლად;

 

  • დღგ-ს გადახდის ვალდებულება დადგეს საქონლის რეალიზაციის შემდეგ, რაც იძლევა საშუალებას მეტი საბრუნავი თანხა დარჩეს ბიზნესს. აუცილებელია აღდგეს ე.წ. ოქროს სიის პრინციპი, მხოლოდ, აქამდე არსებულისგან იმ განსხვავებით, რომ ეს წესი უნდა გავრცელდეს უკლებლივ ყველა კომპანიაზე;

 

  • შეჩერდეს საშემოსავლო გადასახადის გადახდა, 6 თვის ვადით;

 

  • შეჩერდეს საპენსიო შენატანების გადახდა, ასევე 6 თვის ვადით;

 

  • ქონების გადასახადის ივნისში გადახდის ვალდებულება გადავადდეს 6 თვის ვადით.

 

ყველა ღონისძიება, ცხადია, ატარებს დროებით ხასიათს. აღნიშნულიდან პირველი ორი საკითხი მნიშვნელოვანია იქედან გამომდინარე, რომ ბიზნეს-ოპერატორებმა ჯერ კიდევ სტაბილური ეკონომიკის პირობებში შეკვეთილი ნედლეული თუ სხვა პროდუქცია მიიღეს ახლა, კრიზისის და გართულებული ეკონომიკური ოპერირების დროს.

 

შესაბამისად, უაღრესად პრობლემურია, და ზოგ შემთხვევაში შეუძლებელიც კი, ზემოაღნიშნული საბაჟო დერეფნებისა და დღგ-ს მყისიერად გადახდის მოთხოვნის პირობებში ფულადი სახსრების მობილიზება.ეს კი იწვევს კანონით განსაზღვრულ სანქციებს, ინკასოებსდაჯარიმებებს და რაც მთავარია, საქონლის საბაჟო სივრცეში დაყოვნებას.შესაბამისად, კომპანიების უმეტესობა აღმოჩნდება უმძიმეს მდგომარეობაში რაც პირდაპირ აისახება ქვეყნის საჭირო პროდუქტებით მომარაგებაზე და შემდგომ, მთლიანად ეკონომიკაზე.

 

მე-3, მე-4 და მე-5 საკითხები კი პირდაპირ კავშირშია მოქმედი ბიზნეს-სუბიექტების მიერ სამუშაო ადგილების შენარჩუნებასთან, რაც კრიზისულ ვითარებაში ასევე სასიცოცხლო აუცილებლობას წარმოადგენს.აქ, ბუნებრივია, თავად კომპანიებმაც უნდა აიღონ თავისი წილი პასუხისმგებლობა.მოვუწოდებთ მთავრობას სასწრაფოდ გადადგას ქმედითი ნაბიჯები და მიიღონ კონკრეტული გადაწყვეტილებები ამ საკითხებთან დაკავშირებით, რათა ერთიანი ძალისხმევით დავძლიოთ დღევანდელი კრიზისი და ასევე, უზრუნველვყოთ პოსტკრიზისულ პერიოდში საქართველოს ეკონომიკის გრძელვადიანი სტაბილური განვითარება.

 

გამოვთქვამთ იმედს, რომ საქართველოს ხელისუფლება გაითვალისწინებს აღნიშნულ მოთხოვნებს იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ სერიოზული პრობლემების წარმოქმნა ქვეყნის ეკონომიკაში აქედან გამომდინარე ყველა უარყოფითი შედეგებით”, – ნათქვამია ბიზნესგაერთიანებების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.