რა უნდა გიგი უგულავას ფოთში, კაცი ძარცვითაა ცნობილი, თვალსაჩინო კორუფციონერია, ელიტური კორუფციის ერთ-ერთი მთავარი ფუძემდებელი- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ფოთის მერობის კანდიდატის, ბექა ვაჭარაძის წარდგენისას განაცხადა.
„ნათქვამია, „ძალაუფლება რყვნის ადამიანსო“ და ჩვენ, რაც გვინახავს ბოლო წლების განმავლობაში, პოლიტიკაში მრავლად ვნახეთ ასეთი გარყვნილი პოლიტიკოსები. არ მოვერიდები ამის თქმას, ვინაიდან ვიცით, რომ ჩვენ დღეს ვდგავართ არჩევანის წინაშე, ფოთი ირჩევს ახალგაზრდა, წესიერ ადამიანს, რომელიც მოემსახურება თავის ფოთს და ფოთელებს, მეორე მხრივ, არის კორუმპირებული, მართლაც დეგრადირებული პოლიტიკოსი, მარგინალიზებული გიგი უგულავა. ძალიან მაინტერესებს, რა უნდა ამ ადამიანს ფოთში, რატომ მოდის ფოთში, კაცი, რომელიც არის ცნობილი ძარცვით და თანამედროვე ისტორიას თუ გადავხედავთ, ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო კორუფციონერია, ელიტური კორუფციის ერთ-ერთი მთავარი ფუძემდებელი. მძარცველი პოლიტიკოსი და პოლიტიკოსის იმიჯის, სტატუსით მოსიარულე. შესაბამისად, არჩევანის გაკეთება ძალიან მარტივია – ჩვენს მოქალაქეებს, ფოთელებს მოუწევთ ძალიან მარტივი არჩევანის გაკეთება, პატიოსნებას, ღირსებას, ერთგულებას და რაც ჩამოვთვალე, იმას შორის. ასე რომ, კიდევ ერთხელ მინდა წარმატება ვუსურვო ჩვენს კანდიდატს. ასევე მინდა ვუთხრა ჩვენს ფოთელებს, მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ყველა ხარვეზი, თუ რაიმე ბოლო წლების განმავლობაში ფოთში იყო, მაქსიმალურად დროულად გამოსწორდეს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.