იურისტი თორნიკე მიგინეიშვილი განმარტავს, თუ რა უნდა ვცოდეთ იმ შემთხვევისთვის, თუ პოლიცია გადაწყვეტს, ნარკოტიკულ თრობაზე შეგვამოწმოს.
“რადგან გაჩნდა საჭიროება, საზოგადოების თხოვნით გაწვდით ინფორმაციას ნარკოტიკულ შემოწმებასთან დაკავშირებით:
- თუ არსებობს ფაქტი ან ინფორმაცია ვარაუდისთვის, რომ თქვენ მოიხმარეთ ნარკოტიკული საშუალება, პოლიციელს უფლება აქვს გადაგიყვანოთ შემოწმებაზე;
- ამ დროს პოლიციელი გთავაზობთ გადაყვანას შსს-ს ექსპერტიზაზე;
- თქვენ უფლება გაქვთ, თქვათ უარი გადაყვანაზე, მაგრამ ასეთ დროს გამოიწერება მიმართვა, რომლის გამოწერიდან 4 საათის განმავლობაში თქვენი ნებით უნდა ჩაიტაროთ შემოწმების ტესტი ან შსს-ს ექსპერტიზაზე, ან სამხარაულში;
- თუ 4 საათის მანძილზე ჩაიტარებთ ამ ტესტს, მაშინ პოლიცია პირდაპირ ამ ორგანოდან გამოითხოვს ტესტის პასუხს;
- თუ 4 საათის მანძილზე არ ჩაიტარებთ ტესტს ჩაითვლება, რომ თქვენ შემოწმებას თავი აარიდეთ და ეს იწვევს ან ჯარიმას 500 ლარიდან 2000 ლარამდე, ან 60 დღემდე პატიმრობას;
- თუ ჩატარებული ტექსტის მიხედვით დაგიდგინდათ ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარება, უფლება გაქვთ, 10 კალენდარული დღის ვადაში ჩატარებული კვლევისას დალუქული ბიოლოგიური მასალის საკონტროლო (ალტერნატიული) ექსპერტიზა;
- თუ დაგიდგინდათ, რომ მოიხმარეთ ნარკოტიკული საშუალება, თქვენ დაგეკისრებათ ჯარიმა 500 ლარიდან 2000 ლარამდე ან 60 დღემდე პატიმრობას.
პ.ს. აუცილებლად მოთხოვეთ პოლიციელს თქვენი უფლებების, მათ შორის ამ პოსტში აღნიშნულის, სრულყოფილად განმარტება თქვენთვის და გადაიღეთ ვიდეო. ამის უფლება გაქვთ”, – წერს მიგინეიშვილი სოციალურ ქსელში.